თბილისში Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ახალი სეზონი დასასრულს უახლოვდება, რომელზეც ქართველი დიზაინერები 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენენ. ჩვენებები ავთანდილ ცქვიტინიძის შოუთი გაიხსნა, რომელიც საზოგადოების წინაშე ექსპერიმენტებით წარსდგა. "ძალიან მინდოდა დაგროვილი ინფორმაცია: თუ როგორ ვაფასებ მე ადამიანებს, ისინი ერთმანეთს... ვინ რა ღირს, რა პრეტენზია აქვს, რა უნდა ცხოვრებისგან, ან როგორ აფასებს საკუთარ თავს - ეს გარკვეული ფასეულობები წარმომეჩინა." - განაცხადა დიზაინერმა. ავთანდილის ახალი კოლექცია უსწორმასწორო ნაკეცებს, ქართულ წარწერებს, ფეხსაცმელებზე მიმაგრებულ ფასის ქვითრებს, უფორმო ჩანთებს და ფერად პრინტებს მოიცავს. ქამრები სამოსის ერთ-ერთი მთავარი დეტალია.