დევიდ კომამ ლონდონის მოდის კვირეულზე მორიგი საოცარი შოუ გამართა და მაყურებელს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარუდგინა. ბრჭყვიალები, ნეონის ფერები, სარკის დეკორი - მოკლედ 80-იანი წლები თანამედროვე სამყაროს ეფექტურად შეხვდა. ქართველი დიზაინერი 80-იანების ეპოქას ზედიზედ მეორე სეზონი იყენებს. დავით კომახიძე ჯერ კიდევ ზაფხულში გამოტყდა რომ იმ პერიოდის ჩვენება საკუთარი პრიზმიდან სურდა და მან ეს შეძლო: გასული ეპოქის პოპულარული დეტალები, რომლებიც ინფანტილურობასა და სინაზესთან ასოცირდებოდა, ახლებური ხედვით წარმოადგინა. კოლექციის მთვარი ფერი ამ წლის მოდის მოყვარულთა საყვარელი ტონალობაა - ნეონის მწვანე.