ცნობილმა მომღერალმა - რიანამ, ბოლო დროს, ბედი მოდის ინდუსტრიაშიც სცადა და საკუთარი ხაზი Savage x Fenty შექმნა, რომელიც ქალის თეთრეულის უახლეს კოლექციებს გვთავაზობს. მისმა ხაზმა უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა და ამჯერად, მომღერალმა კოლექცია ნიუ-იორკის მოდის კვირეულზეც წარმოადგინა.
მომღერალმა, რომლის ექსტრავაგანტული გამოსვლებიც უკვე არავის უკვირს, გადაწყვიტა კიდევ ერთი ფურორი მოეხდინა და ჩვენებაში ორსულ მოდელებსაც მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღოთ.
ერთ-ერთი მათგანი 22 წლის სლიქ ვუდსი გახლდათ, რომელიც Fenty-ს მუზადაც ითვლება.
განსხვავებულმა ჩვენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სტერეოტიპიც დაამსხვრია იმის შესახებ, რომ მოდელებმა პროფესიული კარიერა ორსულობის პერიოდში დროებით უნდა შეწყვიტონ.
რიანამ ქალბატონების წონის შეზღუდვასაც გადაუსვა ხაზი და ჩვენებაში უამრავმა პლიუს ზომის ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენებაში ცნობილმა ტოპმოდელმა - ბელა ჰადიდმაც მიიღო მონაწილეობა.
ჩვენების შემდეგ, მომღერალმა ინსტაგრამის გამომწერებს საკუთარი გლამურული ფოტოც გაუზიარა, რომელზეც საკუთარი კოლექციის თეთრეულში ფიგურირებს.