დემნა გვასალიამ გუშინ, პარიზში გამართულ ჩვენებაზე Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხული კოლექცია წარმოადგინა, რომელიც ყველა წინამორბედისგან განსხვავებით, მთლიანად საქართველოს ისტორიასა და სიმბოლიკას ეხებოდა. 1992 წლის მოვლენები, რომლებიც ყველა ქართველისთვის დღემდე მოუშუშებელ იარად რჩება, დემნამ საკუთარი სამოსის წყალობით უცხოელი მაყურებლის წინაშეც გააცოცხლა.
დიზაინერმა სპეციალურად ჩვენებისთვის 40 ქართველი მოდელი მიიწვია.
„მე მათი წყალობით მსურს ქართველი ახალგაზრდობის ხმა მივაწვდინო მსოფლიოს, მათი წყალობით მსოფლიოს მინდა ვუჩვენო ის პოლიტიკური რეჟიმი, რომლის შესახებაც ბევრი არ საუბრობს - სიმართლე ის არის, რომ საქართველოში რეალური თავისუფლება არ არსებობს. მე იქ სწორედ ამგვარ გარემოში ვცხოვრობდი და ეს მძიმე გასახსენებელია, მსურდა როგორმე ეს გარეთ გამომეტანა" - განაცხადა დემნამ.
რა თქმა უნდა, დიზაინერის კოლექცია თანამედროვე მდგომარეობასაც შეეხო, უცხოური მედია ქართველი დიზაინერის ჩვენების აღწერაში აქტიურად საუბრობს ბოლო დროს კლუბ ბასიანში განვითარებულ მოვლენებზეც, რომელიც როგორც აღმოჩნდა, დემნას კოლექციის ერთ-ერთი მოტივიც გახდა. "თავისუფალი ზონის" გარდა, სამხედრო ფერის სპორტულ ქურთუკს ამშვენებს წარწერა "We dance together, we fight together".
დიზაინერმა, ჩვეულებისამებრ, არც თამამი პოლიტიკური მესიჯებისგან შეიკავა თავი.
ერთ-ერთ ლუქში კი დემნამ გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან "მე და ღამე" გამოიყენა ტექსტი, რომელიც მოდური მოსასხამის კიდეს ამშვენებს:
კოლექციაზე გვასალიამ ქალის სამოსიც წარმოადგინა, რომელშიც ასევე არ დავიწყნია 90-იანი წლების სტილის მოდერნისტული სახეცვლილება.
დიზაინერის კოლექცია საქორწინო კაბასაც მოიცავდა.
რა თქმა უნდა, დემნას კოლექცია სრული ვერ იქნებოდა რომ არა სპორტული ფეხსაცმლის კიდევ ერთი ექსტრავაგანტული მოდელი, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალშივე გაიზიარებს წინამორბედების ბედს.