ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი ყოველთვის კლასიკური სამოსით ჩნდება საზოგადოებაში, მაგრამ გუშინ მან ეს ტრადიცია დაარღვია და სპორტული მოსაცმელი მოირგო, რომელზე არსებულმა წარწერამაც მედიასაშუალებების ყურადღება მიიპყრო. მელანიამ ტეხასის შტატში ვიზიტის დროს ზარას "I REALLY DON'T CARE, DO U?“ (მე ეს არ მადარდებს, შენ?)- წარწერიანი ქურთუკი მოირგო, რამაც ყველა გაკვირვა, რადგან მას მკაცრი დრესკოდი აქვს.
თუმცა ქურთუკს ამხელა გამოხმაურება არ მოჰყვებოდა, ეს ვიზიტი იმიგრაციის კრიზისს რომ არ უკავშირებოდეს, რაც დონალდის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი გახდა და მისი წყალობით, საზღვართან ათეულობით იმიგრანტთა ოჯახს უწევს შვილებთან განშორება, მსგავსი წარწერით კი, ამგვარ სიტუაციაში გამოჩენა პირველი ლედისთვის წარმოუდგენელ უტაქტობად ჩაითვალა.
ტრამპის ადმინისტრაციას რაც შეეხება, მათ უარყვეს ქურთუკის წარწერის რაიმე დამატებითი ქვეტექსტი.
პირველმა ლედიმ ქურთუკი შტატში ჩამოსვლისთანავე გაიხადა, თუმცა ინტერნეტსივრცეში მის მიმართ მაინც გავრცელდა უარყოფითი კომენტარები, „ეს შეუძლებელია მართალი იყოს, ვარჩევდი, რომ არ დამეჯერებინა“ - დაწერა მელანიას ქცევით გაწბილებულმა გულშემატკივარმა. ერთ-ერთმა კი მსგავსივე ქურთუკის დამუშავებული ფოტო ატვირთა, რომელზეც წერია, რომ ეს ყველაფერი ტრამპის პოლიტიკის ბრალია და სწორედ მსგავსი მესიჯით სჯობდა საზღვართან მისვლა.