ქენდალ ჯენერმა და ბელა ჰადიდმა გულშემატკივარს სიურპრიზი მოუწყვეს და მილანის მოდის კვირეულზე Versace-ს მამაკაცის სამოსის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდნენ, რომელზეც ბრენდმა როგორც აღმოჩნდა, ქალბატონებისთვის განკუთვნილი სამოსიც წარადგინა. თვალისმომჭრელ შოუზე ორივე სუპერმოდელი მინიკაბებში გამოწყობილი წარსდგა პოდიუმზე, რომელიც ულამაზესი დეკორაციებით იყო მორთული.
ჰადიდმა შავი ტყავის კაბა წარადგინა, რომელსაც ბრენდმა მაღალქუსლიანი სანდლები შეუხამა.
ამასობაში ქენდალ ჯენერი ორნამენტებით შემკულ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა, რომელსაც მაღალყელიანი ჩექმა ამშვენებდა.
მოგვიანებით, ქენდალმა ინსტაგრამზეც ატვირთა გადაღების ფოტოები და დონატელა ვერსაჩეს მადლობა გადაუხადა არაჩვეულებრივი საღამოსთვის.