მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ულამაზეს ღვინის ქარხანაში, H&M-მა თბილისში პირველი Conscious Exclusive კოლექციის წარდგენას უმასპინძლა. H&M-მა წელს ორი ახალი მდგრადი მასალა წარმოადგინა: გადამუშავებული ვერცხლი და ECONYL®-ი – ბადეებისა და ნეილონის ნარჩენების 100%-ით გადამუშავებისაგან მიღებული ნეილონის ბოჭკო.
კოლექციაში შეხვდებით როგორც ელეგანტურ კაბებს მაქმანებითა და ყვავილების პრინტით, ასევე - თანამედროვე, ყოველდღიურ სამოსსაც. კოლექციის ფერთა გამა შედგება მწვანე, მუქი ნაცრისფერი, თეთრი და შავი ფერებისაგან, რომლებსაც ვერცხლისფერი, მუქი ლურჯი და ბაცი ვარდისფერი დაჰკრავს და მას დახვეწილობასა და ენერგიას მატებენ.
„Conscious Exclusive კოლექცია მიზანად ისახავს, გააფართოოს მდგრადი მოდის ინოვაციები. გადამუშავებული მასალების გამოყენებითა და მდგრადი მოდის გათვალისწინებით, ჩვენ გვსურს შევქმნათ კოლექცია, რომელიც მრავალმხრივ განსაკუთრებული იქნება, კერძოდ, ის უნდა იყოს ლამაზი, დამზადდეს მდგრადი მასალებისაგან და დიდხანს შეძლოს მომხმარებელმა მისი გამოყენება“,- აღნიშნავს ანა-სოფია იოჰანსონი, H&M-ის კრეატიული მრჩეველი.
ღონისძიებას მედიისა და მოდის სამყაროს ბევრი წარმომადგენელი დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ: ნანუკა ჟორჟოლიანი, თაკო ჩხეიძე, ნინო ცქიტიშვილი, გვანცა დარასელია, დალი ჩიტალაძე და სხვები.
კოლექცია, რომლის შთაგონების წყაროც შვედი მხატვრების - კარინ და კარლ ლარსონების სახლი წარმოადგენდა, H&M-ის თბილისის მაღაზიაში 19 აპრილიდან გამოჩნდება.