თბილისის მოდის კვირეული 2018- ის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს.
კვირეულმა დაამკვიდრა ტრადიცია და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. 19 აპრილს, SOLO წარმოადგენს პროექტს „მედეა ჯაფარიძე - Style Icon”, რომელიც თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში ჩატარდება. წვეულებაზე გაცოცხლდება კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, პერფორმანსის და გამოფენის სახით ვიხილავთ „ქეთოს სამოსს“, ღარაჩოღელებსა და სხვა ამონარიდებს კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან.
კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას გააერთიანებს, რომელთა შორის ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებებია: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, Mak Mari. ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი 1377.
კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. სელექციის შედეგად, 10-მდე ახალბედა დიზაინერი მაყურებლის და ჟიურის წინაშე, დამწყებ დიზაინერთა კონკურსზე 20 აპრილს წარსდგება, გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებსაც ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ.
ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებებიც; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ბექსთეიჯის და სტრითსთაილის ფოტოები ძალიან აქტიურად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საერთაშორისო ფოტო პორტალებსა და ვებ გვერდებზე.