5 აპრილს H&M-მა Conscious Exclusive-ის 2018 წლის კოლექცია ლოს-ანჯელესში გამართული წვეულებით აღნიშნა. სხვა ვარსკვლავებთან ერთად, საღამოს ესწრებოდნენ კამპანიის მთავარი გმირი კრისტი ტარლინგტონ ბარნსი, პერის ჯექსონი, ნაომი ჰარისი და ქეით ბოსვორთი. კოლექცია, რომელიც შვედი ხელოვანების, კარინ და კარლ ლარსონების კრეატიული სახლის შთაგონებით შეიქმნა, H&M-ის რჩეულ მაღაზიებში 19 აპრილიდან გამოჩნდება.
ვარსკვლავებით სავსე ღონისძიების წამყვანი იყო ანა-სოფია იოჰანსონი – H&M-ის კრეატიული მრჩეველი. წვეულება ლეგენდარულ Garcia House-ში გაიმართა, რომელიც არქიტექტორ ჯონ ლონტერის მიერ არის დაპროექტებული.
"საოცარი სანახაობაა ამდენ საინტერესო ადამიანზე Conscious Exclusive-ის ნივთების ხილვა. ძალიან ვამაყობთ, რომ კოლექცია კვლავაც ასეთი აქტუალურია. ECONYL®-ისგან წარმოებული ყვავილოვანი ჟაკარდის ნივთები და მაქმანებიანი კაბები სრულყოფილად წარმოაჩენს Conscious Exclusive-ის ახალი კოლექციის ძლიერ ფემინურობასა და ხელოვნების მშვენიერებას. ასევე, ნათლად გვიჩვენებს, რომ მდგრადი განვითარება და მოდა ერთმანეთთან სრულიად შეთავსებადია", – განაცხადა ანა-სოფია იოჰანსონმა.
Conscious Exclusive-ი ნატიფი ხასიათის პერიოდული კოლექციაა, რომელიც მოდის მდგრადი განვითარების მზარდ შესაძლებლობებს წარმოაჩენს და განვითარებისა და ინოვაციებისკენაა მიმართული. წელს H&M-მა პირველად წარმოგვიდგინა გადამუშავებული ვერცხლი და ECONYL®-ი – ბადეებისა და ნეილონის სხვა ნარჩენების 100%-ით გადამუშავებისგან მიღებული ნეილონის ბოჭკო.
"ვამაყობ, რომ H&M-ის Conscious Exclusive-ის კამპანიის ნაწილი ვარ. ძალიან მომწონს, რომ ისინი ქმნიან ასეთ ლამაზ, მდგრად მოდას, რითაც ამაღლებენ ცნობიერებას იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი პლანეტის დასაცავად", – აღნიშნა კრისტი ტარლინგტონ ბარნსმა.