დიზაინერი მაია ალანია საკუთარ ბრენდმაღაზიას 2003 წლიდან ხელმძღვანელობს. აქტიური ცხოვრების სტილი მისი ძალაა, სიახლის ძიების დაუშრეტელი წყურვილი კი – მთავარი მოტივაცია, რაც მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის განმარტებაა. როგორც თავად ამბობს, საკუთარ პროფესიაზე შეყვარებულს, მუდმივად ახალი სამუშაო დღის დადგომის მოლოდინი აქვს. სწორედ ამის შედეგად იქმნება გამორჩეული კოლექცია.
როდის დაიწყო თქვენს ცხოვრებაში მოდის სფეროთი დაინტერესება?
პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი ვარ, თუმცა მოდა – ეს არის სფერო, რომლითაც მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში გატაცებული ვარ და ამ საქმიანობას თავი ბოლომდე მივუძღვენი. ადრეული ასაკიდან ხელით ვქმნიდი თექისა თუ გობელენის ნამუშევრებს, ვხატავდი ესკიზებს, მუდმივად მომდიოდა უამრავი იდეა, რისი განხორციელების საშუალებაც დღეს უკვე გაცილებით დიდი მასშტაბით მაქვს.
როგორი იყო პირველი ნაბიჯები?
თავდაპირველად, საკუთარ პროდუქციას, რამდენიმე ერთეულ ეგზემპლარად სხვადასხვა ბუტიკში ვათავსებდი. მალევე ნამუშევრების მიმართ დიდი დაინტერესება გაჩნდა, რამაც სტიმული მომცა, საკუთარი ბრენდი ჩამომეყალიბებინა. მომხმარებელთა კეთილმა სურვილებმა და პროდუქციის მოწონებამ პირველი ნაბიჯები გაამარტივა. ასეა დღესაც.
როგორ იქმნება თითოეული მოდელი? საიდან ჩნდება შთაგონება?
ადამიანები ჩემი მუზაა. შესაძლოა რომელიღაც გოგონა შთაგონების წყაროდ იქცეს. როცა მას შევხედავ, მაშინვე ჩემს გონებაში იხატება კონკრეტული მოდელი. როცა ესკიზს ვაკეთებ, მცირე შესწორებები თავისთავად ხდება, ასევე იცვლება იგი ნაჭერში გადატანისას, თუმცა როდესაც საბოლოო სახეს იღებს, ზუსტად ასახავს ჩანაფიქრს.
რა ტიპის სამოსი გვხვდება კოლექციაში?
მაღაზიაში „მაია ალანია“ კლასიკური და ყოველდღიური ტანსაცმელია წარმოდგენილი. ასევე, საქორწილო კაბების მრავალფეროვანი კოლექცია.
რომელია საყვარელი ქსოვილი და ფერი?
საყვარელი ქსოვილი ჩემთვის აბრეშუმია, თუმცა ნებისმიერ საინტერესო ქსოვილთან მუშაობა მხიბლავს. რაც შეეხება ფერს, ამ მხრივ საკმაოდ ცვალებადი ვარ – კოლექციებში ფერის დომინანტობას ჩემი განწყობა განსაზღვრავს, რაც რასაკვირველია, არაერთგვაროვანია. პროდუქცია კი თავისთავად იძენს მრავალფეროვნებას.
რა სიხშირით ხორციელდება კოლექციის განახლება?
ესეც კვლავ ჩემს გუნება-განწყობას ემყარება. როცა შემართების მოზღვავებას ვგრძნობ, შესაძლოა კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული კაბა შეიკეროს. არის პერიოდი, როდესაც უმეტესად იდეებზე ვმუშაობ. მსგავსი მონაცვლეობა ბუნებრივი და პროდუქტიული სამუშაო პროცესია.
როგორია თქვენ მიერ შექმნილი მოდელის ხასიათი?
ვფიქრობ, ადამიანს შეუძლია სამოსით უამრავი რამ თქვას. მე ყოველთვის ვცდილობ, ნამუშევარი თავის მფლობელს ჰგავდეს. სამოსიცა და ადამიანიც, ფერითა და სტილით ურთიერთჰარმონიული უნდა იყოს. აუცილებელია იგრძნობოდეს კომფორტი.
როგორ აღწერდით სამუშაო პროცესს?
აქ ჩემი სამყაროა. ახალი სამუშაო დღის დადგომას სულმოუთქმელად ველი, პროცესში ბოლომდე ვარ ჩართული. ეს ყველაფერი უდიდესი აზარტი და მოტივაციაა.
მისამართი მარჯანიშვილის 11.
ტელეფონი - 557387890. მაია ალანიას დრესშოფი