ლეგენდარული 90-იანების სუპერმოდელს ამ წლის თებერვალში 52 წელი შეუსრულდა. სინდი კროუფორდი საზოგადოებას გასაოცარი სხეულის ფორმებით კვლავ აოცებს და ახალი თაობის მოდელებსაც მნიშვნელოვნად შთააგონებს. ცოტა ხნის წინ, სინდიმ ინტერვიუ გამოცემა Тown & Соuntrу-ს მისცა, რომელშიც მის ამჟამინდელ ცხოვრებაზე თამამად ისაუბრა. დღეს, ის უფრო მეტად შვილების, 16 წლის კაიას და 18 წლის პრესლის კარიერის მოწყობითაა გართული. კროუფორდის თქმით, ის ახლა დედობასთან ერთად, მათი მენეჯერიცაა. ცდილობს მათ მიმართულება მისცეს და საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.
"ბავშვობაში კაიას ხშირად ვუღებდი ფოტოებს და არასდროს ვცდილობდი მის გასწორებას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მას თავად ესწავლა კამერასთან ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის. ახლა, ჩვენებების წინ მუდამ ვეუბნები: ხასიათის გამოვლინების არ შეგეშინდეს. მართალია ეს ახლა მოდური არაა, მაგრამ ხალხი ინდივიდუალურობას მაინც ძალიან აფასებს".
გასული სეზონის მოდის კვირეულებზე კაია გერბერმა თითქმის ყველა ჩვენება გახსნა და მოდურ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პრესლის კი ისეთ ბრენდებთან აქვს კონტრაქტები, როგორებიცაა: Moschino, Burberry და Dolce & Gabbana. სუპერმოდელის თქმით, ის მათ აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა, უბრალოდ ცდილობდა, მათთვის მაგალითი ყოფილიყო.
"თუ გსურთ შვილები კარგად აღზარდოთ, მუშაობა საკუთარი თავიდან დაიწყეთ. თუ თავაზიანი ხართ, ისინის ასეთები იქნებიან. თუ თქვენთვის ოჯახი პრიორიტეტია, არასდროს გაუჩნდებათ კითხვა რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი."
ასევე, სინდი გამოტყდა, რომ არასდროს ზღუდავს ბავშვებს კვებაში და მათი დღის გრაფიკს მკაცრად არ აკონტროლებს, ეს ბავშვებმა თავად ისწავლეს, რადგანაც მათი მთავარი მაგალითი სინდია. ამასთან, სუპერმოდელი თვლის, რომ ბავშვებს უფრო გაუმართლათ, ვიდრე მას, რადგანაც შეუძლიათ სამოდელო ბიზნესში არა ფულის გამო, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის იმუშაონ.
აღსანიშნავია, რომ სუპერმოდელი ზოგიერთ თამამ ფოტოსესიას ნანობს: "ხშირად გადამიღეს შიშველს და ერთადერთი, რასაც ვნანობ არის ის, რომ ამაზე დამითანხმეს. არ მინდა შვილები მომიბრუნდნენ და მითხრან: "ღმერთო რატომ გააკეთა ეს". მინდა ესმოდეთ, რომ ეს არ სჭირდებათ."