ლონდონის მოდის კვირეულზე ორი სამეფო პრემიერა შედგა: ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მოდის ჩვენებას პირველად დაესწრო და Burberry-ის პოდიუმზე დანიის პრინცი გამოვიდა. ახლახანს კი ბიჭმა სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა.
როგორც ცნობილია, სამოდელო ბიზნესი სამეფო და არისტოკრატიული ოჯახების წარმომადგენელთათვის საყვარელი სფეროა. Dolce & Gabbana-ს შოუზე მონაწილეობა აქვს მიღებული 27 წლის კიტი სპენსერს, პრინცესა დაიანას ბიძაშვილის, გრაფის ქალიშვილს. საბერძნეთის და დანიის პრინცესა, მარია-ოლიმპია იანვარში ნიუ-იორკის მოდის კვირეულის რამდენიმე ჩვენებაზე გამოვიდა. წინა წელს კი Dolce & Gabbana-ს პოდიუმი ლედი ამელია უინძორმა დაიპყრო. დანიელი პრინცი ნიკოლაი ტახტის მემკვიდრეთა შორის მე-7 ადგილზეა.
მამამისი, პრინცი იოაჰიმი ყოველთვის მხარს უჭერდა ვაჟიშვილს, ეკეთებინა ის რაც გულით სურდა, თუნდაც ამას სამეფო პროტოკოლის დარღვევა მოჰყოლოდა. მან ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს მის შვილს მკაცრად განსაზღვრული სამეფო ჩარჩოები შეუქმნას.
ბევრმა ადამიანმა ნიკოლაის საქციელი გააკრიტიკა, რადგანაც ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი ბაბუა 83 წლის პრინცი ჰენრიკი გარდაიცვალა. მაგრამ 18 წლის პრინცის დედამ განაცხადა, რომ მოდის კვირეულის ჩვენება გაცილებით ადრე მზადდებოდა და კონტრაქტის დარღვევა არ შეიძლებოდა. როგორც სჩანს, ოჯახი მთლიანად მხარს უჭერს ახალგაზრდა ტალანტს.