გაიცანით ეს კოკოა! მოდის ბლოგერი ტოკიოდან, რომელმაც ჯერ პირველი კლასის დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ ინსტაგრამზე უკვე 498 000 მიმდევარი მოაგროვა. მისი სოციალური ქსელი სავსეა მოდური ჩაცმულობის ამსახველი ფოტოებით, რასაც ამერიკული ELLE-ის გადაღებაც დაემატა. ასეთი რიცხვებითა და ფაქტებით ყველა ცნობილი სტილისტიც კი ვერ დაიკვეხნის, კონკურენციასაც დიდად ვერავინ უწევს.
კოკოს მოდის ინდუსტრიის მიმართ ინტერესი შემთხვევითი არაა. მისი მშობლები ტოკიოში ვინტაჟური მაღაზიის მფლობელები არიან. იაპონიის დედაქალაქში ისინი ფუკუსიმაზე მომხდარი ცუნამის შემდეგ გადასახლდნენ. კოკო 2 წლის ასაკიდან მოდური ნივთებითაა გარშემორტყმული, თუმცა პრინცესების კაბებს გოგონა ყოველდღიურ სტილს ამჯობინებს. მისთვის პირველ ადგილას ბრენდი Gucci-ა.
ამერიკული ELLE-სთვის პატარა ბლოგერმა მამასთან ერთად სეზონის ყველაზე მოდური აქსესუარები აირჩია: ვიწრო სათვალეები, ფერადი შუშები, უცნაური ქუდები... მისი ნათელი და ეკლექტიკური იმიჯის გამეორება ყველას მოუნდება ასაკის მიუხედავად.