თუ ვინმე "დრაკონების დედის" ტიტულს იმსახურებს, ეს თანამედროვეობის ცნობილი მილიარდელის, ილონ მასკის დედა - მეი მასკია. ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ქალბატონი სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობს და ამასთან, სამი ცნობილი ადამიანი აღზარდა. ახლა მისი უფროსი ვაჟიშვილი, ილონი მარსზე რაკეტას უშვებს, უმცროსი კიმბალი წარმატებული რესტავრატორია, ხოლო ერთადერთმა ქალიშვილმა, ტოსკამ გასულ წელს ფილმი კანის ფესტივალზე წარადგინა. თავად მეიმ 69 წლის ასაკშიც კი მოაწერა სამოდელო კონტრაქტს ხელი გამოცემა CoverGirl-თან.
მართალია, რომ ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან ჭკვიანი ქალი დგას, ეს შეიძლება არა ცოლი, არამედ დედა იყოს. მეი ქმარს მაშინ გაშორდა, როცა მასკი 9 წლის იყო. მან 3 შვილის გაზრდა გაჭირვებაში განაგრძო. მაშინ სამოდელო საქმიანობით მიღებული შემოსავალი არაფერზე არ ჰყოფნიდა. ბავშვებს თმასაც თავად სჭრიდა. "როცა ბავშვები რძეს მაგიდაზე დააქცევდნენ, მეტირებოდა, რადგანაც არ მქონდა ფული კიდევ ერთი ბოთლი მეყიდა"-იხსენებს ქალბატონი.
მეის აღზრდის მთავარი მეთოდი ბავშვების თავისუფლება იყო. ის არ ამოწმებდა მათ საშინაო დავალებებს და არასდროს აკონტროლებდა. როცა ამის შესახებ ეკითხებიან პასუხობს: მე იდეალური დედა ვიყავი. ვაჟიშვილები თინეიჯერობის ასაკში საცხოვრებლად მამასთანაც კი გადავიდნენ, რასაც ილონი დღემდე ნანობს. სამივე ბავშვი ინდივიდუალური და თავისებური იყო, განსაკუთრებით ილონი - ის მუდამ გაფანტული იყო, რადგანაც პირადი სამყარო იტაცებდა. სკოლაში პოპულარობა ვერ მოიპოვა, თუმცა მშობლები გვერდში ედგნენ და 12 წლის ასაკში პირველი კომპიუტერული თამაშიც კი შეექმნა.
მოგვიანებით, მეიმ აიძულა ილონს კომპიუტერული საქმიანობისთვის მოეკიდა ხელი. მას და კიმბალს ბიზნეს გეგმის შედგენაში დაეხმარა და პირველი სტარტაპისთვის ფინანსურად დაეხმარა. მათი ვახშამი ირონიულად დასრულდა: მეიმ განაცხადა, რომ უკანასკნელად იხდიდა რესტორანში სადილის ფულს და მას შემდეგ სიტყვას დღემდე ასრულებს. მთავარი გაკვეთილი, რაც მან შვილებს ასწავლა მარტივია: "ფული მთავარი არაა, უფრო საინტერესოა იცოდეთ მათემატიკა, ბევრი იმუშაოთ და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ."
თავად მეიც აღარ მუშაობს მხოლოდ ფულის გამო. როცა 69 წლის ასაკში კოსმეტიკის სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა, გაანცხადა: "ვფიქრობ ქალებისთვის მნიშვნელოვანი ინსპირაცია იქნება, რომ 69 წლის ასაკში კვლავ შეუძლიათ სილამაზის კამპანიის გმირები გახდნენ. ჩემთვის ასაკი პრობლემა არაა, ის შესანიშნავი რამეა. თავდაჯერებული ხდები და პრობლემებსაც უკეთ უმკლავდები. მე ჩემი ასაკის მოდელი ვარ. არასოდეს დავმალავ იმას, თუ რამდენი წლის ვარ. მეამაყება, რომ მალე 70 წელი შემისრულდება. ყველაფერი ჯერ კიდევ ახლა იწყება!"
მეი პრინციპულად არ იღებავს თმას: "როცა 60 წლის გავხდი, გადავწყვიტე, რომ ჩემი თმის ძირების ფერის ხილვა მსურდა." ის ყოველ დილას ვარჯიშობს და რაციონის დაგეგმვის მნიშნელობაც იცის. მეი ყოველთვის წინასწარ გეგმავს მომავალი დღის რაციონს, რათა კონტროლი არ დაკარგოს."
გასულ წელს, ოსკარის წვეულებაზე მეი ილონთან ერთად მივიდა.