საოცარი შეგრძნებაა იმ ადამიანის მოსმენა, რომელიც საკუთარ პროფესიაზე უდიდესი სიყვარულითა და განსაკუთრებული ემოციებით საუბრობს. ის, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს, მისი შექმნილი კოლექციებიდანაც კარგად ჩანს. შეუძლებელია ვერ შეატყო, თუ რამდენია ნაფიქრი თითოეულ დეტალზე და რამხელა შრომა დევს აკა ნანიტაშვილის მიერ შექმნილ ყველა სამოსში. გარდა ამისა, დიზაინერის სახლში შებიჯებისთანავე იგრძნობა მისი საოცრად დახვეწილი გემოვნება და დამერწმუნეთ, მასთან მოხვედრის შემდეგ, აუცილებლად მოგინდებათ აკას ხშირი სტუმარი გახდეთ. ჟურნალი OK! კი საშუალებას გაძლევთ უფრო ახლოს გაიცნოთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერი აკა ნანიტაშვილი და გაიგოთ, როგორი იყო მისი გზა წარმატებისკენ.
აკა, როგორია თქვენი ბავშვობის მოგონებები? რაზე ოცნებობდით მაშინ?
ბავშვობა ძალიან ტკბილად მახსენდება. ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა, რადგან ყველანაირად ცდილობდნენ ჩემთვის კომფორტის შექმნას. ასე ვთქვათ, მთელი ბავშვობა ვარდისფერ სათვალეებში გავატარე. თუმცა, რომ გავიზარდე, მივხვდი – ყველაფერი ასეთი მარტივი და ლამაზი არ ყოფილა და ცხოვრება ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება ჩემს ოცნებას, რაიმე კონკრეტული არ მახსენდება. სულ პატარაობიდან, ხატვით ვიყავი გატაცებული და ერთი სული მქონდა ფანქარს როდის დავიჭერდი ხოლმე ხელში. მუდამ სიხარულით მივიჩქაროდი ხელოვნების სკოლისკენ და გზად ქსოვილების მაღაზიაშიც აუცილებლად შევივლიდი ხოლმე.
შეიძლება ითქვას, თავიდანვე იცოდით, რომ ამ საქმის კეთება გინდოდათ?
დიახ, ამ საქმის სიყვარული ბავშვობიდან მომდევს და ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა და თან უზომოდ მსიამოვნებდა. დედაჩემიც ამავე პროფესიის გახლავთ, ხშირად მეც მიკერავდა ნაირ-ნაირ რაღაცებს და მისი შემყურე ჩემშიც თავისთავად ჩაინერგა ამ საქმის სიყვარული. სწორედ დედამ გადამაწყვეტინა სამხატვრო აკადემიაში გამოცდების ჩაბარებაც და ვფიქრობ, ეს მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგაც ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ამ ყველაფრის გარეშე.
რა ეტაპები გაიარეთ, ვიდრე შექმნიდით ბრენდს AKA NANITA?
ბავშვი18 წლის ასაკში გავაჩინე. მოგეხსენებათ, არ არის მარტივი სწავლა და ბავშვის აღზრდა ერთდროულად, ამიტომ ამ პერიოდში მუშაობა ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. ყველაფერი თავისთავად განვითარდა. სწავლის დამთავრების შემდეგ, სადიპლომო ნამუშევარი წარვადგინე, ამას კი უშედეგოდ არ ჩაუვლია. მეორე დღეს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი რამდენიმე კაბა გაიყიდა. ეს უდიდესი სტიმული იყო ჩემთვის. მოგროვილი თანხა ავიღე და მეგობართან ერთად გავხსენი მაღაზია-სალონი „კაპრიზი“. მაღაზიამ საკმაოდ კარგად იმუშავა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი დაკეტვა გადავწყვიტეთ. ამას მოყვა K Studio – მოდის სახლი, რომელიც სამმა მეგობარმა ერთად გავხსენით. მაგრამ, რამდენიმე წლის შემდეგ ისიც დავკეტეთ. ეს იყო სწორედ ის პერიოდი, როდესაც ორი ბავშვი მიყოლებით გავაჩინე და სამუშაოსთვის დრო არც ამ შემთხვევაში მრჩებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ კი უკვე შევქმენი საკუთარი ბრენდი –AKA NANITA.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის თებერვლის ნომერში...