გასული წლის ყველაზე განხილვადი თანამშრომლობა - ანჯელინა ჯოლის და ბრენდ Guerlain-ის კონტრაქტია. ახალი არომატი Mon Guerlain Florale დამდეგი გაზაფხულის მთავარი ჰიტი გახდება. სუნამოს საკმაოდ ყვავილოვანი შემადგენლობა აქვს, პირველ რიგში იორდასალამი, რომელიც ვარდების თაიგულს გვაგონებს. შემდეგ კი სცენას მთავარი დუეტი: ლავანდა და ვანილი იპყრობს. ეს მცენარეები ერთად ძლიერი და ურჩი ქალბატონის ისტორიას გვიყვება, რომელიც საკუთარ გრძნობებს ითვალისწინებს და დასახული მიზნისკენ მიემართება.
პარფიუმერის, ტიერი ვასერის თქმით, არომატი უხილავი ტატუა, რომელსაც მუდამ საკუთარ სხეულზე ვატარებთ. მსახიობის მთავარი აქცენტი ალისფერი ტუჩსაცხია, რომელიც მის მგრძნობიარობასა და ქალურობას უსვამს ხაზს. ანჯელინასთვის კი Guerlain-ის კოსმეტიკა სენტიმენტალურია, რადგანაც მას დედამისი საგულდაგულოდ ინახავდა.
ჯერ კიდევ გასულ კვირას, ანჯელინა იორდანიაში იმყოფებოდა, სადაც ლტოლვილები შვილებთან ერთად მოინახულა. ახლა კი მსახიობი პარიზში შენიშნეს. ანჯელინა საფრანგეთის დედაქალაქში, იმიტომ ჩაფრინდა, რომ სწორედ ახალი არომატი Mon Guerlain Florale წარედგინა.
Guerlain-ის სარეკლამო სახემ ბრენდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, საყვარელ შავ ფერზე უარი თქვა და ხორცისფერი ტონალობების სამოსი არჩია: მსახიობმა ღია ფერის შარვალი და Max Mara-ს პალტო მოირგო. აქსესუარებად კი წითელი ჩანთა და მზის სათვალეები დაამატა.