ცნობილმა პოპ ვარსკვლავმა ლედი გაგამ ლაიონელ რიჩის კონცერტზე ქართველი დიზაინერის ავთანდილ ცქვიტინიძის კაბა მოირგო. ამ ამბავმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ავთანდილი დღეს რადიო NRJ-ის ეწვია, დიზაინერმა ამ მოვლენის შემდეგ პირველ ემოციებსა და სამომავლო გეგმებზე ექსკლუზიურად NRJ-ის დილის გადაცემაში ისაუბრა. ამას გარდა ავთანდილმა რამდენიმე რჩევა მისცა რადიოს მსმენელებს ახალი წლის სადღესასწაულო ჩაცმულობასთან დაკავშირებით, რომელსაც ჟურნალი OK! ექსკლუზიურად გთავაზობთ.
როგორი იყო შენი პირველი რეაქცია, როდესაც გაიგე, რომ ლედი გაგამ „ავთანდილის“ კაბა ჩაიცვა?
დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ვნახე სურათი, სადაც ლედი გაგას ჩემი კაბა აცვია, თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ვიფიქრე, რომ ჩემი მეგობრის სურათი გამომიგზავნეს, როცა გავიაზრე, რომ ეს ლედი გაგა იყო, სიხარულისგან დავიწყე ყვირილი, ისე, რომ ჩემი შვილიც კი შემოვიდა ოთახში.
რას ნიშნავს შენთვის ეს წარმატება?
ცხოვრებაში შეჩვეული ვარ კონკრეტული რანგის დაპყრობას, როდესაც ამ დონეს მთლიანად მოიცავ შემდეგ უკვე ეჩვევი და იწყებ რაიმე ახალისა და საინტერესოს ძიებას. ეს შემთხვევა კი ახალი ნაბიჯია ჩემს კარიერაში, რადგან მთელი დღის განმავლობაში მომდიოდა სხვადასხვა შემოთავაზებები ვარსკვლავების სტილისტებისგან.
ახალი წელი ახლოვდება და რას გვირჩევს ავთანდილი, როგორი სამოსი მოვირგოთ ამ დღეს?
მიუხედავად იმისა, რომ მიზანმიმართულად არ ვქმნი ამ დღისთვის რაიმე სამომსს ალბათ მაინც მნიშვნელოვანია, თუ რომელი ცხოველის წელი ახლოვდება. წელს ყვითელი ძაღლის წელია, ამიტომ ალბათ რაიმე ყვითელი ფერის დეტალი მაინც უნდა გვქონდეს საახალწლო სამოსში. პირადად მე ვეცდები ყვითელი ფერის გულსაბნევი გავიკეთო ან ამ ფერის ტრუსი მაინც ჩავიცვა
როგორ ხვდები ახალ წელს?
მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ხმამაღლა იყვირო რა აღარ გინდა, რაც წინა წელს გამძიმებდა და ამისგან გათავისუფლდე, ეს საოცარი ემოციაა.
თავად შენ რას გამოემშვიდობები ახალ წელს?
ყოველთვის მაწუხებს ის აზრი, წლებთან ერთად ვკარგავ თუ არა საკუთარ თავს, თუმცა ისეთი სტიმული, როგორიც ლედი გაგას შემთხვევა იყო მაბედნიერებს და მახვედრებს იმას, რომ არ ვკარგავ საკუთარ თავს და პირიქით... ასეთი დიდი ემოციები ყველა ადამიანს სჭირდება.