ბრიტანულ VOGUE-ს ახალი მთავარი რედაქტორი ჰყავს. მანამდე ედვარდ ენინფალი მოდისა და სტილის დირექტორის თანამდებობას იკავებდა W MAGAZINE-ში, თუმცა მისი, როგორც მოდის კრიტიკოსის, სტილისტისა და პროფესიონალის წინსვლა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება, როცა ედვარდმა იტალიურ „ვოგში“ დაიწყო მუშაობა. წლების განმავლობაში მოდის სფეროში მიღებული ფასდაუდებელი გამოცდილება, განსაკუთრებული, და რაც მთავარია – წარმატების მომტანი აღმოჩნდა ენინფალისთვის, რომელიც დღეს მოდის „ბიბლიის“ ბრიტანული გამოცემის ხელმძღვანელის რანგში მოგვევლინა.
„ედვარდს არაპროგნოზირებადი, მაგრამ ძალიან ელეგანტური და სექსუალური გემოვნება აქვს, რომელიც არასოდეს იძენს ვულგარულ სახეს. მისი სტილი ყოველთვის ლამაზი და სადაა. ედვარდის, როგორც სტილისტის, საუკეთესო თვისება კი ისაა, რომ არასოდეს აჭარბებს დასაშვებ ზღვარს. ჩვენს მეგობრობას ერთმანეთის მიმართ უანგარო ერთგულება განსაზღვრავს“, – ასე საუბრობს ნაომი კემპბელი ედვარდზე. მაშ ასე, პატივი გვაქვს წარმოგიდგინოთ უახლესი ინტერვიუ ედვარდ ენინფალთან.
ედვარდ, თქვენ ბრიტანული Vogue-ის ახალი მთავარი რედაქტორი ბრძანდებით. როგორი შეგრძნებაა?
მართლაც რომ, ოცნება ახდა – ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებ. მე ბრიტანული Vogue-ის კითხვაში გავიზარდე, ბავშვობიდან უზომოდ მიყვარს მოდა და ახლა უსაზღვრო პატივია ჩემთვის, მოვირგო ამ ჟურნალის მთავარი რედაქტორის მანტია. კარგად მესმის, რომ ძალიან დაფასებული და პატივსაცემი რედაქტორი უნდა შევცვალო – ალექსანდრა შულმანი. ადამიანი, რომელმაც 25-წლიანი წარმატებული მემკვიდრეობა დატოვა.
რას ნიშნავს თქვენთვის „ვოგი“?
ბრიტანული „ვოგი“ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ჟურნალია, რომლის მიღმა კრეატივითა და ინოვაციით გაჯერებული მემკვიდრეობაა. ერთი სული მაქვს, გავაგრძელო ეს გზა და მეც ვაჩუქო პერიოდულად ჩვენს ძვირფას მკითხველს ამაღელვებელი, ლამაზი ჟურნალი, რომელიც მათი ცხოვრების სტილის ინსპირაცია იქნება.
ედვარდ, თქვენი კარიერა, ფაქტობრივად, 1990 წლის შუა პერიოდიდან იწყებს განვითარებას. გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები იტალიურ „ვოგში“.
მახსოვს სტივენ მეისელი (ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი) იღებდა ფოტოსესიას, რომლის სტილზეც მე ვმუშაობდი. მაშინ ჩვენ ორივე წარგვადგინეს დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანასთან. პირველი ფოტოსთვის ჩავიცვი პერანგი და ყოველდღიური სტილის შარვალი მოვირგე. „პირველი ფოტო მზადაა“, – ამბობს სტივენი. ეს ყველაფერი დეკემბრის ერთ სუსხიან შუადღეს ხდება. შემდეგი ფოტოსთვის ჩავიცვი მეორე პერანგი და სახელოები გადავიკეცე. ასე გადავიღეთ მეორე ფოტო. მოვემზადე მომდევნო სურათისთვის პერანგის ასაღებად, და სტივენი მეუბნება: „ძალიან მოსაწყენია ასე. კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია?“ აი, სწორედ იმ მომენტიდან ჩემმა შემოქმედებითობამ „ძრავი აამუშავა“.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის დეკემბრის ნომერში...