ფერები, ციფრები, განსხვავებული და ყველასგან გამორჩეული სტილი – ეს მარიამ გვასალიას ბრენდია, ისეთივე ხალისიანი, როგორც თავად მარიამია. ამ საოცარ გოგონას დიდი ხანია ვიცნობ და კარგად მახსოვს: როდესაც საკუთარ ბრენდს ქმნიდა, ნულიდან დაიწყო და იმდენს მიაღწია, რომ დღეს, გეცვას „მარიამ გვასალია“, ნიშნავს იყო ძალიან მოდური და გემოვნებიანი... მას ერთი საოცრად კარგი თვისება აქვს – არასოდეს ამბობს უარს საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე. „ხელის ჩაქნევა“ არ სჩვევია... ახლა მისი მიზანი ავადმყოფობის დამარცხებაა, რასაც აუცილებლად მიაღწევს და ამაში ისევე დარწმუნებული ვარ, როგორი დარწმუნებულიც ვიყავი მარიამის წარმატებაში, როცა საკუთარი ბრენდის შექმნას იწყებდა... ახლა კი გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს და იმ არაჩვეულებრივ ფოტოებს, რომლებიც მარიამ გვასალიას ახალ სალონშია გადაღებული.
დავიწყოთ ბავშვობაში მოგზაურობით. ყველაზე ტკბილი განცდები, რომლებიც ბავშვობასთან გაკავშირებთ?
ბავშვობასთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს: ეზო, სპორტი, სკოლა...
ა) მაშინ ოცნებობდით: მე და ჩემი და ფუნთუშაში ცხოვრებაზე ვოცნებობდით. წარმოგვედგინა, რომ შიგნით ცხოვრების შემთხვევაში გამუდმებით ვიხტუნავებდით და როცა მოგვშივდებოდა, ფუნთუშას მოვგლეჯდით პატარა ნაწილს... შიგნით უამრავი ოთახი გვექნებოდა და მუდამ „სიტკბოებაში“ ვიქნებოდით.
ბ) გინდოდათ გამხდარიყავით: ბალერინა მინდოდა გავმხდარიყავი. მაშინ ქორეოგრაფიულ სკოლაში ვსწავლობდი და, ალბათ, ამიტომ. ყოველთვის ვცეკვავდი და გამუდმებით ბალერინებს ვხატავდი.
ძალიან პატარა ასაკში გახდით დედა. რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი და როგორია მარიამ გვასალია დედის ამპლუაში?
ოჯახი არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს და ალბათ ზოგადად, ყველას ცხოვრებაში. ეს ყველაფერი უამრავ სიხარულსა და სირთულესთანაა დაკავშირებული. ეს არის ემოციებისა და გრძნობების დიდი კორიანტელი... განუმეორებელი გრძნობაა, როცა შენს ოჯახს ბედნიერს ხედავ... რთულია რამდენიმე სიტყვაში ჩაატიო ის, რასაც ჰქვია ოჯახი და მისი სიყვარული.
როცა პროფესიას ირჩევდით, ვინ ან რამ ითამაშა ყველაზე დიდი როლი თქვენს გადაწყვეტილებაში?
ბევრი რამ მაინტერესებდა. შესაბამისად, ბევრ პროფესიაზე მიფიქრია. თუმცა, ხატვა, ხელოვნება და სტილის ინდივიდუალურობა, რომელიც გამოხატავს ადამიანს, ალბათ ის სამი კრიტერიუმია, რამაც მთავარი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის დეკემბრის ნომერში...