Victoria's Secret-ის ჩვენებები დიდი ხანია რაც უბრალოდ ახალი კოლექციის დემონსტრაციის ჩარჩოებიდან გამოვიდა: ის ჰოლივუდურ "ბლოკბასტერად" იქცა. მრავალმილიონიანი ბიუჯეტით, მთავარ როლში სუპერვარსკვლავებითა და ცნობილი მუსიკოსების საუნდტრეკებით. სექსუალური "ანგელოზების" იმიჯით ყველაზე კომერციულად წარმატებული მოდელები გვევლინებიან. ცოტამ თუ იცის, რომ ყველა მონაწილე, ირინა, ქენდისი თუ ბელა - ცნობილ პოდიუმზე ჯონ ფაიფერთან კასტინგის გავლის შედეგად მოხვდნენ. სწორედ, Victoria's Secret-ის კასტინგების მთავარ დირექტორთან უწევთ პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალბატონებს წელზე ზედმეტი სანტიმეტრის მომატებაზე თავის მართლება.
მოდის ინდუსტრიის კულუარებში ფაიფერმა პოპულარობა ჯერ კიდევ 90-იანებში მოიპოვა. სწორედ მას უნდა უმადლოდნენ თავიანთ თავბრუდამხვევ კარიერას დოუთზენ კრუზი, ადრიანა ლიმა, ბეატი პრინსლო, ალესანდრა ამბროსიო და კარლი კლოსი.
რამდენი ხანია რაც ბრენდში მუშაობთ და რა შედის თქვენს მოვალეობებში?
ბრენდის პირველ შოუზე 2000 წელს ვიმუშავე. ის კანის კინფოესტივალის ფარგლებში ჩატარდა. ეს ნამდვილი ფურორი იყო. აეროპორტში ჩასვლისას ათასობით ფოტოგრაფი ყვიროდა გოგონების სახელებს. ეს უნიკალური გამოცდილება იყო.
როგორც კასტინგ დირექტორი, მე ვალდებული ვარ კლიენტს შესაფერისი და ძლიერი მოდელთა გუნდი წარვუდგინო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით გოგონა მუშაობს. ჩემი საქმეა - ვიცნობდე მათ და მომხმარებელს საუკეთესო მხრიდან წარმოვუდგინო, რადგანაც მათ ცალკე შეხვედრებისთვის დრო არ აქვთ.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს "ანგელოზი"?
ყველა მოდელი, რომლებიც საფინალო შერჩევაზე მოდიან, განსაკუთრებული ქალები არიან. ეს გოგონები კარიერისთვის ძალიან ბევრს და მტკიცედ შრომობენ. ისინი ყოველდღიურად ვარჯიშობენ და ემზადებიან. მაგრამ მთავარია, ისინი ინდივიდუალური პიროვნებები იყვნენ. სწორედ ეს განასხვავებს სხვა მოდელებს "ანგელოზებისგან". იდეალურ ფიზიკურ ფორმებს ბევრი ფლობს, თუმცა ჩვენ მეტი გვჭირდება, ვიდრე უბრალოდ გარეგნობა. ნამდვილი სილამაზე ხასიათს, ინდივიდუალიზმს და უნიკალურობას მოიცავს.
შოუს ყველა მონაწილეა ვალდებული კასტინგზე მოვიდეს? რომელიმე მოდელს ადრევე უთანხმდებით?
ყველა მოდელი, რომელიც შოუზე იღებს მონაწილეობას, კასტინგზე აუცილებლად უნდა მოვიდეს და არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე. ვერცერთი მოდელი ვერ დამტკიცდება შოუზე, თუ ჩვენი გუნდი მას პირადად არ შეხვდა. ხშირად ამისთვის დღეებს ჩვენ ვნიშნავთ, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში მათ გრაფიკს და ადგილმდებარეობას ვითვალისწინებთ და ცალკე ვხვდებით.
რამდენი გოგონა გამოდის ყოველ წელს კასტინგზე?
რამდენიმე ასეულ გოგონას ვამოწმებთ. 2017 წლის შოუზე მონაწილეობა 55-მა მოდელმა მიიღო, რაც ბრენდის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იყო. 2000-იანებში მათი რაოდენობა 30-ს არ ცდებოდა, მაგრამ ყოველწლიურად იმატებს. ბოლო წლებში იმდენ არაჩვეულებრივ გოგონას ვხედავთ, რომ მათთვის უარის თქმა წარმოუდგენელია და საბოლოო სიასაც ნელ-ნელა ვზრდით.
უკანასკნელ წლებში, მოდელის შერჩევა აქტიური სოციალური გვერდითაც ხდება. გამომწერთა რაოდენობა ზრდის თუ არა შოუში მონაწილეობის შანსებს?
ყველაფერი პირიქითაა! Victoria's Secret-ის შოუზე მონაწილეობის შემდეგ, გოგონების გვერდზე გამომწერთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება.