მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ატელიე "კიკალა"-სთან კოლაბორაციის შედეგად ტანსაცმლის ახალი ხაზი Nutsa X kikala Youth შექმნა. ნუცას და ატელიე "კიკალა"-ს ახალი ბრენდის სამოსი ძირითადად ახალგაზრდა გოგონებზეა გათვლილი - კაბები, მოსაცმელები და ზედატანები განსხვავებული დეტალებითაა გაფორმებული, რაც სამოსს განსაკუთრებულ ორიგინალურობას სძენს. ახალგაზრდა მომღერლისთვის ეს პირველი სერიოზული ნაბიჯია მოდის სფეროში და როგორც თავად ამბობს ამ კუთხით სამომავლო გეგმებიც აქვს. OK! ნუცას ბრენდის შექმნის იდეასა და მის კონცეფციაზე ესაუბრა.
იდეა
სცენაზე გამოსვლისას სულ მჭირდება გამორჩეული სტილის კაბები და დიზაინერთან ყოველი ვიზიტისას, მუდამ მქონდა საკუთარი იდეები, რომლის მიხედვითაც ერთად ვქმნიდით კაბებს. რაც შეეხება კონკრეტულად ბრენდის იდეას, პირველად ეს აზრი ჩემმა დაქალმა მომაწოდა, დაახლოებით ორი თვის წინ აქტიურად დავიწყე ამ საკითხზე მუშაობა, დავუკავშირდი „კიკალა ატელიეს“, რომელთანაც ადრეც აქტიურად ვთანამშრომლობდი და შევქმენით ახალგაზრდა გოგონების სამოსი. მე არ ვქმნი ესკიზებს, უბრალოდ ვამბობ იდეებს, მაგალითად პრინტისა და წარწერების იდეა მე მეკუთვნის.
ბრენდის კონცეფცია
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდამ განხსვავებულად და ლამაზად გამოვიყურებოდე, ამიტომ ამ ბრენდის მთავარ მიმართულებადაც სწორედ ეს ავირჩიე. სამოსის ორიგინალურ სილუეტს განსხვავებული დეტალები და თანამედროვე წარწერები ამშვენებს, რაც დღეისათვის ძალიან ტრენდულია. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დამოუკიდებელი ქალის იმიჯზე გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს არის სამოსი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში თავს განსხვავებულად და გამორჩეულად გაგრძნობინებთ. ტანსაცმელი განსაკუთრებულობით საინტერესო იქნება 30 წლამდე გოგონებისთვის. პირველი კოლექცია დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოვიდა და საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა.
სამომავლო გეგმები
ძალიან მიყვარს ვარჯიში და სამომავლოდ საკუთარი ბრენდის შექმნაც მსურს, სადაც გარდა კლასიკური სამოსისა, სპორტულ სტილსაც შევიმუშავებ. ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებში ეს სტილი ძალიან პოპულარულია, ამ მიმართულებით უკვე მაქვს გარკვეული იდეები და ვგეგმავ, რომ ზაფხულისთვის უკვე მქონდეს ტანსაცმლის კიდევ ერთი ახალი - სპორტული ხაზი.
ტანსაცმლის ახალი ხაზის Nutsa X Kikala Youth-ის სამოსის შეძენა შესაძლებელია Kikala Youth-ის instagram-ის გვერდის საშუალებით და ასევე ბრენდის მაღაზიაში.