Victoria’s Secret-სა და Swarovski-ის კოლაბორაცია უკვე 15 წელს ითვლის და ამ მნიშვნელოვან თარიღს ბრენდები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ახლახან გახდა ცნობილი, რომ წლევანდელ შოუზე ელსა ჰოსკი "სვაროვსკის" შთამბეჭდავ კოსტიუმს მოირგებს, რომელიც 275 000 კრისტალით იქნება გაფორმებული. საბოლოოდ, შოუს განმავლობაში, სხვადასხვა კოსტიუმზე მთლიანად 1 მილიონ "სვაროვსკის" კრისტალს ვიხილავთ.
ელსა ჰოსკი Victoria’s Secret-ის "ანგელოზი" 2015 წელს გახდა. წლევანდელი განსაკუთრებული კოსტიუმი სუპერმოდელმა უკვე მოირგო. ბრენდის ერთ-ერთმა დიზაინერმა განაცხადა, რომ კოსტიუმისთვის შექმნილი ფრთები ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა რაც კი შეუქმნიათ.
"ძალიან ამაღელვებელი იყო იმის გაგება, რომ წელს Swarovski-ის კოსტიუმის ტარების პატივი მე მერგო წილად. ყოველთვის მსურდა სცენაზე მისი ჩაცმა. ერთი სული მაქვს, შოუზე როდის გამოვალ."-გაამხილა შვედმა მოდელმა. წინა წელს კრისტალებით დაფარული კოსტიუმი ჟოზეფინ სკრივერმა წარმოადგინა.