ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ახალი კოლექციის ჩვენებას კლასიკური მუსიკის ფონზე უყურებთ: Dalood-ის მოდელები უკვდავი იოჰან სებასტიან ბახის პარტიტურის ფონზე გამოდიოდნენ. სცენაზე მოთავსებული როიალი და მასზე შესრულებული ცნობილი ჰანგები ჩვენებას განსაკუთრებულ განწყობას უქმნიდა.
თვითონ კოლექციაც კლასიკურ დეტალებსა და წესრიგს მოიცავდა: შავი, თეთრი და შავ-თეთრი კაბები თავისუფლებითა და ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია სხვადასხვა დახვეწილი დეტალებით მორთული ჯინსის ქურთუკები, რომლებსაც ყველა სეზონზე ჩაიცვამ და თავს ყველაზე მოდურად იგრძნობ. კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ნიმუში ყვავილების პრინტით გაფორმებული კოსტიუმია, რომელიც პოდიუმზე ცნობილმა მოდელმა, თათია ახალაიამ მოირგო.