რუსთაველის თეატრის გადავსებულ პარტერსა და ლოჟებს, ჯაბა დიასამიძის ჩვენების მოლოდინში დიდი სანახაობა ელოდათ: თავდაპირველად სტუმრებს შამპანიურის მცირე ბოთლებით გაუმასპინძლდნენ, შემდეგ კი ფარდაც გაიხნა. ჯაბა დიასამიძემ საკუთარი ელეგანტური კაბების კოლექციით წინა სეზონზე მაყურებელი უკვე მოხიბლა და გულშემატკივართა დიდი არმიაც მალე გაიჩინა. ამას ანჯელინა ჯოლისთვის გაგზავნილი ქუდი დაემატა, რომელიც ვარსკვლავმა ლამაზმანმა პრესტიჟული გამოცემის, Vanity Fair-ის ფოტოსესიაში მოირგო და ქართველი დიზაინერის ახალ ჩვენებას ყველა მოუთმენლად ელოდა. იმედები გამართლდა, შოუ სიურპრიზებით აღსავსე გამოდგა. ფრანგული მხიარული სიმღერები ქართულმა, შემდეგ კი ინგლისურმა რეპერტუარმა შეცვალა.
ჯაბა მთელი ჩვენების განმავლობაში სცენაზე იმყოფებოდა და მოდელების მოწესრიგებაში თავად იღებდა უშუალო მონაწილეობას. სცენაზე რამდენიმე გოგონა თავიდანვე დაგხვდა, თუმცა დანარჩენებმა შემოსვლა ნელ-ნელა დაიწყეს. შავი წვეულების კაბებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მკვეთრმა წითელმა კაბამ მიიქცია. ეს მოდელი დიზაინერმა კიბეებზე მოათავსა, რითიც მან თითქოს კოლექცია შთამბეჭდავი გვირგვინივით დაამშვენა.
აღსანიშნავია, რომ ჯაბამ საღამოს კაბების მრავალფეროვანი დიზაინი შემოგვთავაზა, რითიც ეცადა, ყველანაირ გემოვნებას მორგებოდა. სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებული შავი კაბები ელეგანტურობასთან ერთად, ქალის სხეულს საოცარ სექსუალურობას სძენს. ამ ორი ფაქტორის ერთდროულად დაცვა კი საკმაოდ რთულია. ჯაბა დიასამიძემ საკუთარი ახალი კოლექცია თითქოს მზის სხივზე "გამოამზეურა" და საუკეთესო კუთხით თავადვე წარმოგვიდგინა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა სტუმარმა სცენაზე საკუთარი საოცნებო კაბა იხილა. შოუს დასრულების შემდეგ, კაბები გონებაში მტკიცედ ჩაიბეჭდა და ვიმედოვნებთ, რომ მათ მსოფლიოს წითელ ხალიჩაზე აუცილებლად ვიხილავთ.