ცნობილმა დიზაინერმა ლალო დოლიძემ მოდაში თავი დიდი ზომის კარდიგანებითა და ექსტრავაგანტური მოსაცმელებით დაიმკვიდრა. ამ სეზონზე ლალო კვლავ მოსაცმელების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს - ისინი ფერადია და ქვედაბოლოებს იდეალურად ეხამება. შედარებით მძიმე ქსოვილების მიუხედავად, კოლექციას ჰარმონიულს მაინც თავისუფლად ვუწოდებთ, რადგანაც ფერების წყალობით ისინი ქალის სხეულს დახვეწილად ერგება.
კოლექცია თბილი მოსაცმელისა და ტოპის საუკეთესო შერწყმას წარმოგვიდგენს და ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მრავალშრიანი სამოსია. რამდენიმე მოდელმა თავი ბერეტის სტილის ქუდებითაც მოიწონა. აქსესუარის უნიკალურობა მის მორთვაში მდგომარეობდა: ფერადი თვლებით გაფორმებულმა ქუდმა აქსესუარს შთამბეჭდავი ელფერი შესძინა. კოლექციაში თავი ჯინსის ქსოვილმა და ბრჭყვიალა სამოსმაც იჩინა, რაც მომავალი წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების უპირობო ტრენდია.
ჟაკეტები და ჯემპერები ქამრითაა შეკრული, რაც ქალის სილუეტს გამოკვეთს და არ აქვს მოუწესრიგებელი თუ მასიური ფორმის სახე. კოლექციის ფერთა გამა საბოლოო ჯამში საკმაოდ საინტერესო გამოდგა: ღია ნათელი ფერების სიჭარბე ბოლოსკენ მათმა მუქმა ტონალობებმა ჩაანცვლა. ღია ვარდისფერი შინდისფრით, ღია ცისფერი კი ლურჯით ჩანაცვლდა.