ავთანდილის 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება საკმაოდ დინამიური გამოვიდა, რაც კოლექციაზეც საოცრად აისახა. ქალის ფორმებზე მორგებულმა სამოსმა იმიჯი დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გახადა. ქალი საუცხოოდ გრძნობს თავს, თუ ხვდება რომ „მისი“ სამოსი აცვია - ასეთი შეგრძნება ავთანდილის ყველა მოდელს ჰქონდა. ეს იყო თავისუფალი სტილი, რომელიც გარკვეულ კანონებს დეტალებით ემორჩილება - კოლექციის რამდენიმე კოსტიუმი და კაბა პატარა თოკისებრი დეტალებით იყო გაფორმებული. დიზაინერი აქტიურად მისდევს მოდის ინდუსტრიაში ახლად დამკვიდრებულ ტრენდს: კაბა შარვალზე. ავთანდილის საქმიანი ქალი გრძელი კოსტიუმებით, კაბები კი მრავალშრიანობით ხასიათდება.
მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი დიზაინერის ინიციალია, წითელი ფერის A ასო თითქმის ყველა სამოსს აფორმებდა. პასტელურ და წითელ ფერებთან ერთად, აღსანიშნავი ფერადი პრინტია, რომელიც კონკრეტულ გამოსახულებებს არ შეიცავს.
აქსესუარებიდან ჩანთები აუცილებლად უნდა გამოვყოთ, რომელთა ფორმაც საკმაოდ ექსტრავაგანტურია. ისინი მოდელს თითქმის მთელ ტანზე ეკვრის. ნაკლებად პრაქტიკულმა, თუმცა მოდურმა გადაწყვეტილებამ ყველა იმიჯს ინდივიდუალურობა შემატა.
კოლექციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქსოვილი ჯინსია, რომელმაც გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა: ჯინსის სამოსმა ჩვენება დახურა.