საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, SPEND 4 SEASONS IN GEORGIA და ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული პარკების კამპანიას #მწვანემოგონებები ეროვნული პარკებიდან.
მოხარულნი ვართ, რომ 15 ივნისიდან ისევ შევხვდებით − ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება. თავგადასავლების მაძიებლებისთვის ისევ ხდება შესაძლებელი იმ უნიკალური გამოცდილების მიღება, რაც სხვაგან თითქმის შეუძლებელია და რასაც საქართველოს მომხიბვლელი და მრავალფეროვანი ბუნება განაპირობებს − უხვი ველური ბუნებით, კანიონებით, მზიანი სანაპიროებით თუ გამოქვაბულებით.
საქართველოს დაცული ტერიტორიები მოუთმენლად გელით, თქვენი პირველი თუ მომდევნო მოგზაურობით დაუვიწყარი სიამოვნების მისაღებად.
მანამდე კი, გავაგრძელოთ მოგზაურობა მოგონებებში და არ დავივიწყოთ ჩვენი საოცრად ლამაზი ბუნების არსებობა.
15 ივნისის შემდეგ, როდესაც მოგზაურობის მოყვარულები ბუნებას დაუბრუნდებით, გაგვიზიარეთ თქვენი ახალი, დაუვიწყარი #მწვანემოგონებები და შთაბეჭდილებები ეროვნული პარკებიდან ელექტრონულ ფოსტაზე: NATIONALPARKSSTORY@GMAIL.COM
თქვენი პირადი გამოცდილების გაზიარება, შესაძლოა მომავალი მოგზაურობის შთაგონებად იქცეს.
ნინო ყიფიანი:
„თუშეთში მოგზაურობა ყოველთვის განსაკუთრებულია და ჯადოსნურ მოგონებად რჩება ჩემს მეხსიერებაში.
გრძელი და საკმაოდ რთული გზა გავიარე, სანამ თუშეთის სილამაზეს ვიხილავდი, მაგრამ ეს ამ სიამოვნების მისაღებად ნამდვილად ღირდა.
თუშეთში ვიღებ დადებით ემოციებს და ვგრძნობ, თუ როგორ ვმშვიდდები. ჩემთვის აქ არის თავისუფლება.
ამის შემდეგ, ყოველი წლის დასაწყისში, დღეების ათვლას ვიწყებ ახალი ისტორიების შესაგროვებლად“.
თამო ოდილავაძე:
„საყვარელი ადგილი, სადაც ლაშქრობა არასდროს მომბეზრდება, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია.
ბორჯომ-ხარაგაულის ბილიკის გავლისას, თვალს ვერ ვაშორებდი მცენარეებისა და ცხოველების იშვიათ სახეობებს. შემდეგ კი ულამაზესი პანორამული ხედი გამოჩნდა და მივხვდი, რომ საერთოდ სხვა სამყაროში ვიყავი.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იგრძნობთ ბედნიერებას“.
დარია ხოლოდილინა:
„ჩემი მოგონებები თუშეთიდან ბევრი სახალისო ისტორიითა და საინტერესო თავგადასავლებით არის სავსე.
როცა თუშეთში ჩავედი, გავაცნობიერე, თუ რამხელა ძალა აქვს ბუნებას და ადამიანი რა პატარაა მასთან შედარებით.
ერთხელ, ჩემს ევროპელ სტუმრებს, თუშეთში მოგზაურობის დროს, „კაპუჩინო“ მოუნდათ. მე იმდენი ვიცინე, რომ მეტი არ შეიძლება. სხვა სამყაროა თუშეთი − მინიმალისტური და არაჩვეულებრივად ლამაზი.
მე ომალო ძალიან მიყვარს, მაგრამ თუ რეალური თუშეთის ნახვა გინდათ, დართლოში ან ფარსმაში უნდა დარჩეთ“.
ეკატერინე არჯევანიძე:
„ჩემი დაუვიწყარი მოგონებები და თავგადასავლები, სწორედ გველეთის ჩანჩქერს უკავშირდება.
ულამაზესი ბილიკის გავლის შემდეგ, ჩანჩქერთანაც მივედი და მივხვდი, რომ ბუნება, ყოველი ახალი ადგილის დათვალიერებისას, სულ უფრო მაოცებდა.
გველეთის ჩანჩქერი ყველა სეზონზე განსაკუთრებულია. ზამთარში იყინება და ბევრად შთამბეჭდავი ხდება მისი ნახვა“.
თამარ თევზაძე:
„კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბის გასწვრივ, მზე ყველაზე ლამაზად ჩადის.
წყალი, ცა, ბუნება და ფრინველები ერთად ზღაპრულ სამყაროს ქმნიან. იქიდან დაბრუნებულს კი, ყოველდღე გეფიქრება − როდის ნახავ ისევ ამ სილამაზეს?!
რეინჯერმა, ჯემალი ბაბუმ, კოლხეთის ეროვნულ პარკში ბევრისთვის უცნობი, ფერადი ხედები გვიჩვენა და ჩვენი მოგზაურობა ბედნიერი წუთებით შეავსო“.