მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში კრუიზები ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომლის პოპულარიზაცია გარკვეულწილად ფასების ხელმისაწვდომობამაც განაპირობა. თანამედროვე ხომალდები წყალზე მოცურავე კურორტებია, თანაც ერთი მოგზაურობისას რამდენიმე ქვეყანა შეგიძლია მოინახულო. რა უნდა იყოს ამაზე მიმზიდველი?..
OK! გიამბობთ Royal Caribbean Cruises-ის შესახებ, რომელიც საკრუიზო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი ჰოლდინგია. იგი რამდენიმე ცნობილი ბრენდის ოპერირებას ეწევა და მის ფლოტში მსოფლიოს ტოპ-4 უდიდესი ლაინერია შემდეგი სპეციფიკაციით: სიგრძე 361 მ, წონა 261 000 ტონა, კაიუტების რაოდენობა 2750, სამგზავრო მოცულობა 6700 ადამიანი. ამ ლაინერებზე თქვენ დაგხვდებათ აკვაპარკები, აუზები, სპაცენტრები, ყინულის მოედნები, სერფინგის სიმულატორები, ზიპლაინები, პარკები, ამფითეატრები, გალერეები, ღამის კლუბები, სამორინე, უამრავი რესტორანი და Starbucks-ის ყავის მაღაზიაც კი.
Symphony of the Seas − 2018 წელს დაიბადა და ამ გრანდიოზული ლაინერით მოგზაურობა ჯერჯერობით მხოლოდ მაიამის პორტიდანაა შესაძლებელი კარიბის აუზში.
Harmony of the Seas − ასევე კარიბის აუზში იცურებს და ევროპას მხოლოდ 2021 წლის მაისში ეწვევა.
Allure of the Seas − კი ხმელთაშუა ზღვას ესტუმრება და ბინას ბარსელონას პორტში დაიდებს, საიდანაც 2020 წლის 10 მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით 7-დღიან კრუიზებს შეასრულებს მარშრუტით: ბარსელონა-პალმა დე მალორკა-მარსელი-ლა სპეზია-რომი-ნეაპოლი-ბარსელონა.
Oasis of The Seas − მიმდინარე წელს მაიამისა და ნიუ-იორკის პორტებიდან განახორციელებს კრუიზებს.
Royal Caribbean-ის ოჯახს 2020 წელს ახალი, ულტრათანამედროვე სათავგადასავლო ლაინერი − Odyssey of the Seas შეემატება, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გადმოინაცვლებს რომის პორტში.
ინდუსტრიის უახლესი ტრენდია კრუიზები დუბაისა და აბუ დაბის პორტებიდან. სპარსეთის ყურეს 23 მარტის ჩათვლით უკვე ეწვია Jewel of the Seas, ასევე Royal Caribbean Cruises-ის ქოლგის ქვეშ არსებული ბრენდის წარმომადგენელი Celebrity Constellation.
Celebrity Cruises არის კონცეფცია უფროსებისათვის პრემიუმკლასის მომსახურებით. 2018 წელს მის ფლოტს შეუერთდა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით აგებული Celebrity Edge, ხოლო მისი ტყუპისცალი Celebrity Apex 2020 წლის აპრილში Southhampton-იდან (დიდი ბრიტანეთი) იწყებს ნაოსნობას, შემდეგ ხმელთაშუა ზღვაში გადაინაცვლებს და 22 ოქტომბრამდე საინტერესო მარშრუტებს გვთავაზობს რომიდან და ბარსელონადან.
რამდენიმე რჩევა:
კრუიზი საუკეთესო ვარიანტია ოჯახური დასვენებისთვის, ყველა მათგანი All Inclusive-კონცეფციით მუშაობს და დამატებითი ხარჯი მინიმალურია.
რადგანაც კრუიზებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, ის ძალიან ადრე უნდა დაიჯავშნოს. ზამთარში ზაფხულის კრუიზების დაჯავშნა ყველაზე გონივრულია.
კრუიზის ღირებულება დამოკიდებულია კაიუტის ტიპზე. განასხვავებენ 3 ძირითადი ტიპის კაიუტას: შიდას, ფანჯრიანს და აივნიანს. გირჩევთ შიდა კაიუტა არ აირჩიოთ.
პრობლემური ვესტიბულარული აპარატის მქონე ადამიანებმა ალბათ თავი უნდა შეიკავონ გემით ნაოსნობისგან, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ლაინერები აღჭურვილია სპეციალური ბალიშებით, რომელთა მეშვეობით გემის რწევა მინიმუმამდეა დაყვანილი.
ქალაქში, რომელიც გასამგზავრებელი პორტია, სასურველია ჩაფრინდეთ ერთი დღით ადრე, გამოფრენა კი შეგიძლიათ დაგეგმოთ კრუიზის დასრულების დღეს, შუადღის შემდეგ.
კრუიზის შეძენამდე აუცილებლად გადაამოწმეთ მარშრუტში შემავალი ქვეყნების სავიზო მოთხოვნები.