ჟურნალი OK! მთელი წლის განმავლობაში გაცნობდათ საინტერესო სიახლეებს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ. დღეს კი წარმოგიგენთ ინტერვიუს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძესთან, რომელიც ჩვენთან განვლილ წელს შეაფასებს და 2020 წელს დაგეგმილ სიახლეებს გაგვაცნობს.
ბატონო ვალერიან, როგორ შეაფასებდით 2019 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის?
ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენთვის. არაერთი განსაკუთრებული პროექტი განვახორციელეთ, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება და ხელს შეუწყობს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებას. უპირველესად, მინდა აღვნიშნო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად საქართველოს დაცული ტერიტორიების ნომინირება. პირველად საქართველოს ისტორიაში, უბნის სტატუსის მოსაპოვებლად წარვადგინეთ 4 დაცული ტერიტორია – კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები. საქართველოს სტუმრობდნენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც დადებითი შეფასებები დაგვიტოვეს და ვიმედოვნებთ, მათი ასეთი განწყობა იმოქმედებს საბოლოოდ დადებით გადაწყვეტილებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ტერიტორიებს ბუნებრივი ძეგლის სტატუსი მიენიჭათ, ეს უზრუნველყოფს მათი დაცვის ხარისხის გაზრდას, ასევე მათ მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას.
ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო დაცული ტერიტორიების გაფართოების საკითხი. წელს გაფართოვდა ალგეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკები.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარების კუთხით მომუშავე ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა. ამ კუთხით რა სიახლეები შესთავაზეთ ვიზიტორებს მიმდინარე წელს?
დიახ, ეკოტურიზმის განვითარება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მიმდინარე წელს გავხსენით ახალი ინფრასტრუქტურა ოკაცეს ჩანჩქერზე სოფელ კინჩხაში. ავაშენეთ ვიზიტორთა ცენტრი, მოვაწყვეთ უსაფრთხო საფეხმავლო ბილიკი. ადგილზე ფუნქციონირებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ყველაზე გრძელი, 700 მ-იანი ზიპ-ლაინი.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ეკოტურისტული ატრაქცია – „თოკების პარკი“ მოვაწყვეთ ალგეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებში.
გარდა ახალი ობიექტების გახსნისა, უკვე არსებულ ობიექტებზე ხდება გარკვეული სიახლეების დამატება?
რასაკვირველია, დაცულ ტერიტორიებს უამრავი ვიზიტორი სტუმრობს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, მათ დავახვედროთ ახალ-ახალი სერვისები. მაგალითად, წელს რეაბილიტაცია ჩატარდა სათაფლიაში, გარემონტდა შუშის პანორამული გადმოსახედი, მოეწყო იურული პერიოდის პარკი და სათამაშო მოედნები. ოკაცეს კანიონზე შეიცვალა ბილიკის საფარი და მეტი ექსტრემისთვის, მსოფლიო ტრენდის შესაბამისად დაიგო გამჭვირვალე იატაკი. სიახლეები გვქონდა მარტვილის კანიონზეც.
პრომეთეს მღვიმეში მთლიანად შევცვალეთ განათების სისტემა, რომელიც 1 200 000 ლარი დაჯდა. სისტემა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტს და ნაკლებ ზიანს აყენებს მღვიმის ეკოსისტემას.
წელს ზაფხულის სეზონზე, საქართველოში ტურიზმის კუთხით გარკვეული პრობლემები შეიქმნა ცნობილი მოვლენების გამო. რამდენად იმოქმედა ამან დაცულ ტერიტორიებზე და დაფიქსირდა თუ არა ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება?
საბედნიეროდ, დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია. 2019 წელს 8%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, მათგან 51% უცხოელი იყო, ხოლო 49% – ქართველი. ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიებია:
- პრომეთეს მღვიმე
- მარტვილის კანიონი
- ყაზბეგის ეროვნულ პარკი
- თბილისის ეროვნულ პარკი
- ოკაცეს კანიონი
- მტირალას ეროვნულიპარკი.
რომელ პროექტებზე მუშაობთ ამჟამად და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან 2020 წელს?
აქტიურად ვმუშაობთ ძალიან მსხვილ პროექტებზე. უკვე დასრულდა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის პროექტირების სამუშაოები და უკვე მიმდინარეობს მისი განხორციელებისთვის საჭირო პროცედურებისთვის მზადება. პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს იქნება პირველი მსგავსი ბილიკი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. ბილიკის წყალობით, ლაგოდეხი გახდება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი და ზოგადად, კახეთს შეემატება კიდევ ერთი ტურისტული დანიშნულება ეკოტურიზმის განხრით.
ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ ქსელში დაშბაშის კანიონზე დაგეგმილ შუშის ხიდის მშენებლობას. რას გვეტყოდით ამ პროექტის შესახებ?
დაშბაშის კანიონზე უკვე დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND (იგივე Kass Group) ახორციელებს. მინის უნიკალური ხიდი 2020 წელს გაიხსნება. ბოლოს, მინდა მივულოცო თქვენ მკითხველებს შობა-ახალი წელი და ვუსურვო არაერთი დაუვიწყარი მოგზაურობა. იმოგზაურეთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები!