საქართველოს ეროვნული პარკები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერ სეზონზე მოგზაურობის მიმართულებების ფართო არჩევანს გთავაზობთ. ჩვენ იმ 5 ეროვნულ პარკს გაგაცნობთ, სადაც ზამთარში სტუმრობა შესანიშნავი იდეაა.
საბადურის ტყე − თბილისის ეროვნული პარკი
თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობს, რომელიც ზამთარში ნამდვილ ზღაპრად იქცევა ხოლმე. დათოვლილი საბადურის ტყე უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიზიტორებში.
ეროვნული პარკის ბუნებრივი ბილიკების ქსელი ისეა დაგეგმილი, რომ მნახველს შეუძლია დაათვალიეროს ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ლანდშაფტები, გაეცნოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, მოაწყოს პიკნიკები, შეარჩიოს მისთვის სასურველი მარშრუტები: საცხენოსნო, საფეხმავლო თუ სამანქანო.
თბილისის ეროვნული პარკის შესახებ გადაღებული ვიდეოები მსოფლიოს მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.
პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია და ქვეყნის სავიზიტო ბარათია. მღვიმე წყალტუბოში, სათაფლიიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. თქვენ 40 მეტრ სიღრმეში იმოგზაურებთ მიწისქვეშა, ზღაპრულ სამყაროში. მღვიმე სტალაქტიტების, სტალაგმიტებისა და სტალაგნატების მრავალსახეობით გამოირჩევა. პრომეთეს მღვიმეში 6 კეთილმოწყობილი დარბაზია. ესენია: არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთეს და საქართველოს, ანუ იბერიის დარბაზები.
მღვიმეში სტუმრობისთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, გარეთ როგორი ამინდია − მღვიმეში წელიწადის ნებისმიერ დროს 14 გრადუსი სითბოა. შესაბამისად, ზამთრის სუსხიან დღეს, პრომეთეს მღვიმის კომფორტულად დათვალიერებას შეძლებთ.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მოლაშქრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. გარდა ამისა, მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.
ზამთარში განსაკუთრებით საინტერესო და სახალისოა თოვლის ფეხსაცმელებით ლაშქრობა. ლაშქრობა შესაძლებელია დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ზამთრის კურორტ ბაკურიანთან მდებარეობს.
ყაზბეგის ეროვნული პარკი
ალპური იალაღები, მორენები, თოვლით დაფარული მწვერვალები და მიუდგომელი კლდეები ის ადგილებია, რომლებიც ყაზბეგის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. იგი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა. ყაზბეგის ეროვნული პარკი განსაკუთრებული სილამაზით ზამთარში გამოირჩევა.
ყაზბეგის დაცულ ტერიტორიებზე მoსულმა ვიზიტორმა აუცილებლად უნდა მოინახულოს:
• დარიალის ხეობა
• ხდის ხეობა
ყაზბეგის ეროვნული პარკი ცნობილ ზამთრის კურორტ გუდაურთან მდებარეობს. გუდაურიდან კობამდე მგზავრობა საბაგირო გზითაა შესაძლებელი.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი
ვაშლოვანის ეროვნული პარკი კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. დაცული ტერიტორიები მოიცავს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკს და ბუნების შემდეგ ძეგლებს: არწივის ხეობას, ალაზნის ჭალას და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებს.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების ფართო არჩევანს იძლევა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად.
ეს ადგილი ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებებს შეგიქმნით ზამთარშიც კი.
გირჩევთ, ზამთარში არ შეუშინდეთ სიცივეს და იმოგზაუროთ საქართველოს ეროვნულ პარკებში, თუმცა წინასწარ ამინდის პროგნოზის შემოწმებასაც ნუ დაივიწყებთ!