გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.
გამარჯვების შესახებ ოფიციალური უწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის ლანდშაფტების კონვენციის აღმასრულებელ მდივან მაგელონ დეჟან-პონისგან მიიღო. როგორც წერილშია აღნიშნული, მარტვილის კანიონისთვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კი პროექტი აღიარა, როგორც ერთიანი ქსელის წევრი.
პრიზის მოსაპოვებლად წარდგენილი იყო ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
აღნიშნული კონკურსი 2008 წლიდან ტარდება და მასში ისეთი ქვეყნების პროექტები იმარჯვებენ, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ა.შ.
მარტვილის კანიონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც 2019 წელს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია გახდა. მიმდინარე წლის რვა თვეში კანიონს 150 000 ვიზიტორი ესტუმრა.
მარტვილის კანიონი ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების პროცესებში ჩართულობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. კანიონზე დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის აშენების და ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, ტურიზმი გახდა უსაფრთხო, გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, მიმდებარედ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.
მარტვილის კანიონი საუკეთესო ადგილია შვებულების ან შაბათ-კვირის ოჯახთან ერთად გასატარებლად. კანიონი ასევე გამორჩეულია თავისი ისტორიულობიდან გამომდინარე. გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენდა. სწორედ ამ ადგილზე იყო მათთვის მოწყობილი საბანაო მონაკვეთი. ტერიტორია გარშემორტყმულია უნიკალური კოლხური ტყით.
ქვით მოკირწყლული 700 მეტრი სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30-საფეხურიანი ისტორიული კიბე.
ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300-მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.
აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონი ახლოსაა დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ქალაქ ქუთაისთან, ასევე კანიონში მოგზაურობა კარგი გადაწყვეტილებაა აჭარაში დასვენების დროსაც.