15 აპრილს პარიზში განვითარებულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო შეძრა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა არა მხოლოდ მსოფლიო მოდის დედაქალაქის, არამედ მთლიანად საფრანგეთის სავიზიტო ბარათად, ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და უზარმაზარი ნაგებობიდან მხოლოდ მთავარი სტრუქტურა გადარჩა.
ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი თუ რა ბედი ეწევა გოთიკურ საკათედრო ტაძარს მომავალში, იქამდე კი თვალი გადავავლოთ თუ როგორ იქმნებოდა საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მემკვიდრეობა, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ 1163 წელს დაიწყო.
ტაძარმა დასრულებული სახე XIII-ს-ის შუა წლებში მიიღო, თუმცა დროთა განმავლობაში სხვადასხვა მოვლენამ, როგორიცაა ომები, ნგრევა და ა.შ გამოიწვია ტაძრის პირვანდელი სახის დაკარგვა.
აღსანიშნავია, რომ 15 აპრილის ტრაგედია არ არის პირველი, როცა ძეგლის არსებობას საფრთხე შეექმნა, ტაძარი 1871 წელს გადაურჩა დაწვას, როცა ქვეყანაში აჯანყება დაიწყო.
ამდენი განსაცდელის მიუხედავად ტაძარი დღემდე ამაყად იდგა პარიზის ცენტრში და ყოველწლიურად 12-დან 14 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობდა.
რა თქმა უნდა, ტაძარს უდიდესი გავლენა ჰქონდა ფრანგულ კულტურაზე, მაგალითად, რთულია ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედებაზე ვისაუბროთ ისე, რომ ერთხელ მაინც არ გავიხსენოთ მისი რომანი მე-15 საუკუნის პარიზული ცხოვრების შესახებ.
კადრი ფილმიდან "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"
კვაზიმოდოსა და ბოშა ქალის ისტორია ტელეეკრანებზეც მრავალჯერ გაცოცხლებულა, შეიქმნა წიგნის უამრავი კინო და ანიმაციური ეკრანიზაციაც.
1998 წლის 16 სექტემბერს პარიზში პირველად დაიდგა მიუზიკლიც, რომლის კომპოზიტორი რიკარდო კოჩანტე გახლავთ, მის მიერ შექმნილი ახლებური ინტერპრეტაცია წლების განმავლობაში მილიონობით მაყურებელმა ნახა.
გვერდს ვერ ავუვლით ტაძრის არქიტექტურულ მნიშვნელობასაც, ვიტრაჟების არაჩვეულებრივი ათინათებით განათებული დარბაზები თითოეულ მნახველს უჩვეულოდ დიადი განცდით ამდიდრებდა.
მისი გარე ფასადის გაფორმება და რიტმების მხატვრული ძალა კი ღვთისმშობლის ტაძრის ესთეტიკურობის საფუძველი გახლდათ.
მსგავსი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განადგურებამ საზოგადოება შეძრა, ფრანგი ხალხი მთელი ღამის განმავლობაში თვალს ადევნებდა საყვარელი ტაძრის შემაძრწუნებელ კადრებს.
ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია და უკვე ვრცელდება პირველი კადრები დამწვარი ტაძრიდან.
ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა ფრანგული მედიის ცნობით, ტრაგედია შესაძლოა ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს, რადგან ცეცხლი სწორედ ზედა ნაწილში გაჩნდა, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 11 აპრილს, ხანძრამდე ოთხი დღით ადრე.