ფრანგული მოდის ლეგენდარული წარმომადგენელი, იუბერ დე ჟივანში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის კაბებს ყველაზე მისაბაძი ქალბატონები იხდენდნენ. ბრენდში თითქმის ნახევარი საუკუნე იმუშავა და 1995 წელს დატოვა. მას შემდეგ, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა. წარმოგიდგენთ ცოცხალ კლასიკას ფრანგული მოდის არქივიდან.
შავი საღამოს კაბა ჟივანშიმ სპეციალურად თავისი მუზისთვის, ოდრი ჰეპბერნისთვის შექმნა. ამ კაბის წყალობით breakfast at tiffany's განუმეორებელი გახდა. (1961)
შემდეგი შავი კაბა მან 1991 წელს შექმნა და ასიმეტრიული დეკორით გააფორმა. ფერადი ამოქარგული თვლები კაბას ბოლეროს ხასიათს სძენს.
პალტოს სტილის კაბა 1975 წელს შეიქმნა. მისი მთავარი დეტალი მოშიშვლებული ზურგია, რომელიც ოქროსფერი კონტურით ფორმდება.
ეს შავი ბარხატის კაბა დიზაინერმა 1991 წლის ზამთრის კოლექციაში წარმოადგინა. გამოკვეთილი სილუეტი ვარდისფერი და სალათისფერი ქვედაბოლოთი მშვენდება. საოცარია, რომ ამდენი წლის შემდეგ მას მაინც თანამედროვე იერი აქვს.
1994 წლის ასიმეტრიული კაბა განსაკუთრებული სიამაყე იყო ჟივანშისთვის. ნაქარგი ზედა დახურული ხელებით, მთლიანად ფოჩებითა და მძივებითაა დაფარული.
ამ საღამოს კომპლექტში ჟაკლინ კენედი ბრწყინავდა 1961 წელს. ჟივანშის სტილის თაყვანისმცემელი საოცრად მოიხიბლა ამ მარგალიტებით გაფორმებული ნაზი მოდელით.
ეს ატლასის მოდელი კი 1990 წელს წარმოადგინა. აქ მთლიანი ყურადღება დეტალებს ეპყრობა- მეტალის მძივებს, მორთულ მანჟეტებს, მასიურ ჯიბეებსა და საყელოს.