მაკა ჩხეიძე უნიკალური დიზაინის მქონე სამკაულის ავტორია. ის ქმნის ნიმუშებს, რომლებიც საკუთარ ხელწერაზე საუბრობს, ტენდენციებისგან განყენებული, წარმოადგენს ყველა დროის აქტუალურ ფორმებს და დიზაინერის გემოვნებას განასხეულებს. იშვიათი ტექნიკით დამზადებული სამკაული გამორჩეული აქსესუარია, რომელიც ქალის ნებისმიერ ხასიათს ერგება. როგორია თავად სამკაულის დიზაინერის ბუნება, როგორ აისახება მისი ემოციები ნამუშევრების სტილისტიკაზე და რა გზა განვლო, სანამ საკუთარ თავს საყვარელ საქმიანობაში აღმოაჩენდა − OK! მაკა ჩხეიძეს ესაუბრა.
როდის იპოვეთ საკუთარი თავი სამკაულის დიზაინერის ამპლუაში?
ვიტყოდი, რომ საკმაოდ გვიან, რადგან სანამ დანიშნულების ამ ადგილამდე მოვიდოდი, უამრავი გზა მოვსინჯე. მათ შორის, ვსწავლობდი ფინანსურ მენეჯმენტსაც. პატარა ასაკიდან ვხატავდი, ხელოვნების სფეროში ყოფნას მიწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა არც სამხატვრო აკადემიაში გავლილი ფაკულტეტები − მონუმენტურ-დეკორატიული გაფორმება, ინტერიერის დიზაინი ან მიკრომოზაიკის ოსტატობა, პროფესიად არ ამირჩევია; მალევე მივხვდი, რომ მამა მართალი იყო, რომელიც მთავაზობდა ძალები გარკვეული მიმართულებით მომესინჯა. მისგან, როგორც მხატვრის, არქიტექტორის, მინანქრის, ასევე საიუველირო დიზაინის ოსტატისგან, ჩემი დღევანდელი საქმიანობა შევისწავლე. როცა სამკაულზე მუშაობა დავიწყე, გავიაზრე, რატომ არაფერი ეხებოდა ჩემს გულს ისე, როგორც ეს ახლად აღმოჩენილი ხელობა... მას შემდეგ 7 წელი გავიდა.
რა გაიაზრეთ პირველ ნამუშევარზე მუშაობის დასრულების შემდეგ?
როგორც აღვნიშნე, მამა, რომელმაც სამკაულის დამზადების ხელოვნება შემაყვარა, ჩემი მთავარი კრიტიკოსია. როცა მივხვდი, რომ ჩემი ნამუშევრის მიმართ გულგრილი არ დარჩენილა, ფაქტი უდიდეს სტიმულად მექცა. გავიაზრე, რომ ხელობის შესწავლა შევძელი, რაც საშუალებას მიტოვებდა, მეტი თავისუფლებისა და იმპროვიზაციისთვის მიმემართა.
როგორია ტექნიკა, რომელსაც ამ უნიკალური დიზაინის მქონე სამკაულის შესაქმნელად იყენებთ?
დიზაინის გამორჩეულობას მისი მომზადების პრინციპიც განსაზღვრავს, ეს ე.წ. ცვილის ტექნიკაა, რომლითაც ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობს. შრომატევადი ხელსაქმის ფარგლებში, ცვილისგან სასურველი ფიგურა იძერწება, ხდება მისი ჩამოსხმა, ჩანახატის გაკეთებიდან საბოლოო სახის მიღებამდე არაერთ ეტაპს გადის. მასალაც მრავალფეროვანია: ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვები, ვერცხლი და მოოქროვილი ლითონები, რომელთაც საერთო სტილი აერთიანებთ.
რამდენად ამაღელვებელია, როცა ხედავთ, რომ თქვენ მიერ შექმნილი სამკაული მომხმარებელს ამშვენებს?
საოცრად სასიხარულოა. ბევრჯერ შემთხვევით ფოტოში მომიკრავს თვალი, ქუჩაში გამვლელზეც დამინახავს. ისიც უთქვამთ, რომ რომელიღაც ღონისძიებაზე, სტუმარს ჩემ მიერ დამზადებული საყურე ეკეთა და „მიცნეს“. ეს წარმოუდგენლად სასიამოვნოა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, როცა აღნიშნავენ, რომ სამკაულს არაჩვეულებრივი ენერგეტიკა აქვს და განუყოფელ ნივთად ექცათ. მჯერა, რომ აქსესუარებზე სიყვარულითა და მონდომებით მუშაობის შედეგად, დადებითი აურა გადადის და სამუდამოდ ინახება.
როგორი ადამიანისთვისაა „მაკას სამკაული“?
ვცდილობ გავექცე იმ შედეგს, რომ მხოლოდ ვიწრო სეგმენტზე მორგებული სამკაული შევქმნა. თითოეულ ნამუშევარს ჩემი ხელწერა აქვს, ვაიგივებ საკუთარ თავთან და ჩემი ესთეტიკიდან გამომდინარე ვაწყობ, ამიტომაც არასოდეს ვაკეთებ იმას, რასაც თავად არასდროს ვატარებდი. ეს არის სამკაული ქალისთვის, რომელიც მისი ბუნებით მრავალფეროვანია – ძლიერებითა და სისუსტეებით, ფეთქებადობით, იმპულსურობითა და სიმშვიდით; უამრავი ხასიათის შტრიხის ნაზავით. ჩემი სამკაულის სტილი მოუხეშავისა და სინაზის სინთეზია, ნებისმიერ განწყობაზე მოსარგები. ჩვენში ხომ კიდევ ბევრი ქალი ცხოვრობს? სამკაული მათთვის, ყველასთვისაა.
ყოფილა შემთხვევები, როცა უთხოვიათ, ძვირფასი ადამიანებისთვის საჩუქრად სამკაული დამემზადებინა. ასეთ დროს, ვცდილობ იმ პიროვნების ხასიათი ამოვიცნო, ვეცნობი დეტალებს მის შესახებ; მიყვებიან, რა მოსწონს მას, ვნახულობ სამოსის როგორ სტილს ანიჭებს უპირატესობას. ეს ერთგვარი რისკია, რომელიც გამიმართლებია და ორმაგ სიამოვნებად ქცეულა.
როდის ხვდებით, რომ სამკაულზე მუშაობა დასრულებულია?
ზოგჯერ, ისე მკაფიოდ ვხედავ აქსესუარისგან რა გამოვა, რომ ფაქტობრივად, მასზე მუშაობა დასრულებულია. ხანდახან რაღაც დამაბნევს, მუშაობის პროცესში ლავირებისკენ მიბიძგებს. ესეც საინტერესოა. ნამუშევარი შესრულებულია, როცა ბოლო შტრიხებს შევიტან და მოვაპირკეთებ.
როგორ აისახება თქვენი სამუშაო განწყობა ნივთზე სტილისტურად?
როცა შინაგანად ვბობოქრობ, იქმნება მეტად დინამიკური ფორმები, სიმშვიდე კი მინიმალიზმს განაპირობებს. თუმცა, როცა სახელოსნოში ვარ, ირგვლივ ყველაფერი მავიწყდება.
შთაგონება რისი სახით აღწევს თქვენამდე?
გარემო მთავარი მაპროვოცირებელია. მთავარია მომენტი დაიჭირო. როცა დავინახავ მაგალითისთვის ხეს, როგორ იგრიხება მისი ტოტები, შესაძლოა ინსპირაციად მისი ფორმებიც იქცეს. ძვირფასი ქვებიც უდიდესი შთაგონების წყაროა, რომელიც გკარნახობს, რასთან დააკავშირო. მოხიკავ მასალებს კაჭკაჭივით და ახალ სამკაულს ქმნი, რომელიც შენივე ნამუშევრის გამეორებაც არ უნდა იყოს.
ცნობთ ტენდენციებს?
პასუხია − კი და არა. ხელოვანი უნდა ქმნიდეს იმას, რაც მას ემოციურად ავსებს, ახარებს. მუშაობისას პრაქტიკული გონება უნდა გაითიშოს. მეორე მხრივ, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმაც მოგეთხოვება. არ უნდა გაჯიუტდე და საჭიროა მომხმარებელს შესთავაზო ის, რასაც თავად გკარნახობს. ვცდილობ, ოქროს შუალედით ვიხელმძღვანელო, არ მოვექცე ტყვეობაში და ამავდროულად, ყველა ტენდენცია საკუთარ სტილს მოვარგო. ტენდენციები ვერასოდეს უძლებს დროს და რადგანაც ძალიან მინდა, ჩემი სამკაული მუდმივად აქტუალური იყოს, ამ კუთხით საკმაოდ ფრთხილი ვარ.
ხასიათის რა შტრიხები გეხმარებათ თქვენს საქმიანობაში?
უპირველესად, შრომისმოყვარეობა, რაც პრინციპში, წარმოუდგენელი იქნებოდა, თუ არ მეყვარებოდა საქმე, რომელსაც ვემსახურები. იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც ვერ უძღვნიან თავს სამუშაოს, თუ ბოლომდე არ მიაკუთვნებენ, თუ არ უყვართ, რასაც აკეთებენ. დიდი ხნის განმავლობაში ჯერაც არ მქონდა ნაპოვნი ჩემი ნიშა, ხოლო როცა აღმოვაჩინე, ისე ჩავეჭიდე, რომ მის სასარგებლოდ არაფერს დავიშურებ.