ცნობილია, რომ ფერები ჩვენს განწყობაზე მოქმედებს, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ გარემოში,სადაც ვცხოვრობთ, ისეთი ფერები შეირჩეს, რომელიც განწყობას აამაღლებს და მუდმივად დადებით აურას და მყუდრო ატმოსფეროს შექმნის.
ყვითელი
ის მზის და ბედნიერების ფერია. განწყობის ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაცაა, რადგან ის ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს.
დიზაინერები, ყვითელი ფერის გამოყენებას განსაკუთრებით საძინებელსა და სააბაზანოში გვირჩევენ.
ის საკმაოდ დომინანტი ფერია და ყვითელი აქცენტებით ერთფეროვანი ინტერიერის გახალისებას შევძლებთ.
მწვანე
ის სიმშვიდის ფერია და კეთილდღეობას შეგიქმნით. განასახიერებს ბუნებას, მისი საშუალებით იზრდება კონცენტრაცია და რელაქსაციის უნარი.
დიზაინერები გვირჩევენ, მწვანე ტონების შერჩევისას და მათი ერთმანეთთან შერევისას, ინსპირაცია ბუნებისგან მივიღოთ.
ლურჯი
ლურჯის ყველაზე თამამი და მკაფიო ტონიც კი დამამშვიდებელი და სასიკეთოა ჩვენი გონებისთვის. მიიჩნევა, რომ ის ოპტიმიზმით გვავსებს.
არის ნდობისა და ლოიალურობის სიმბოლო. დადგენილია, რომ ლურჯ ოთახში მყოფი ადამიანი უფრო მეტად პროდუქტიულია, რადგან უკეთ ახერხებენ ფოკუსირებას.
ის პატარა ოთახებისთვისაც იდეალური ფერია.
ვარდისფერი
ვარდისფერს მოსიყვარულე, კეთილი და გულუხვი ინდივიდი ირჩევს, ის რომანტიკის ფერია.
ასევე მხიარული, ენერგიული და შთამაგონებელი. მისი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდირებულია მისაღებ , სასადილო და საძინებელ ოთახებში.
თუმცა ვარდისფერმა შესაძლოა ოთახი ვიზუალურად უფრო მცირე გამოაჩინოს,ამიტომ გამოიყენეთ ის დიდფანჯრიან ოთახებსა და ნათელ სივრცეში.
წითელი
თამამი და თავდაჯერებული ფერია, მატებს ოპტიმიზმსა და ხალისს. მისი ინტერიერში გამოყენება სტუმარს კეთილგანწყობილ გარემოს უქმნის. ის თბილი ფერია და ამიტომ, განსაკუთრებით უხდება ზამთრის ცივ დღეებს.
წითელი ინტენსიური ფერია, ასე რომ მასთან სხვა ფერების შეხამებისას სიფრთხილე გვმართებს.