ათეულ წელზე მეტია, თამარ კიკალეიშვილი ხელოვნებისა და მეცნიერების სინთეზურ სფეროს ემსახურება და ამბობს, რომ არქიტექტორ-დიზაინერის პროფესიის გარეშე საკუთარ თავს არ წარმოიდგენს. ინტერიერში საინტერესო ექსპერიმენტები მის ცხოვრებაში მცირე ასაკიდანვე გატაცებად იქცა, როცა შინ ამის თვალსაჩინოებას დედა ქმნიდა. საკუთარ არჩევანს სწორედ მას უკავშირებს, ვისი უშუალო პროფესიაც დიზაინერობა არასდროს ყოფილა. თამარის თქმით, დედას საქმიანობად დიზაინი არ აურჩევია, რადგან სფერო ქვეყანაში წლების წინ საკმაოდ ბუნდოვან ცნებად ჩანდა, თუმცა თავად მშობელში ხედავდა ყველა იმ პირობას, რომელიც შემდეგ საკუთარ თავში იპოვა, განავითარა და მუდმივ მისწრაფებად აქცია.
დედის ფარული ნიჭი მასში განხორციელდა და ფაქტს თამარისთვის სხვა პროფესიის დაუფლების სურვილიც არასდროს დაუტოვებია. ინტერესის თანმდევი ვრცელ დარგში განათლების მიღების გადაწყვეტილება გახდა და თამარმა სწავლება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც გაიარა. ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, საკუთარი კომპანიის − „დიზაინის ლაბორატორიის“ დაფუძნება მისთვის ახალ ნაბიჯად, საქართველოში კი უცხოელი პროფესიონალებისთვის ახლებური პერსპექტივების სივრცედ იქცა. თამარი მათთან ერთად არაერთ პროექტს უძღვება და ამასთანავე, საქართველოს დიზაინერთა კავშირის ხელმძღვანელის რანგში უკვე 10 წელია დარგის ზოგად განვითარებაში წვლილი შეაქვს.
თამარ კიკალეიშვილი OK!-ის მკითხველს საქმიანობის საინტერესო დეტალების შესახებ უამბობს და, რაც მთავარია, საოცარი ინტერიერის შესაქმნელად ყველაზე საჭირო რჩევებს უზიარებს.
როგორ იხსენებთ პირველ გადაკვეთას სფეროსთან, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მთავარ გატაცებად იქცა?
არ მახსენდება დრო, როდესაც სხვა პროფესიის დაუფლება მინდოდა. სახლში ხშირად ადგილმდებარეობას იცვლიდა ავეჯი. არ გადიოდა თვე, რომ შინ მოსულს ახალი ინტერიერი არ დამხვედროდა, რადგან დედას მუდმივად გადმოჰქონდა ჩვენს სახლში ფილმებში ნანახი ფარდების, გადასაფარებლებისა თუ სხვა ნივთების დიზაინი. მახსოვს, მეზობლები, რომლებიც ჩვენი ფარდების ან საახალწლო მორთულობების სანახავად ინტერესით გვსტუმრობდნენ. მაშინ ინტერიერში რაღაც ორიგინალური და განსხვავებული დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. გამიმართლა, რომ მე ამ სამყაროში ვიზრდებოდი და ფაქტს უკვალოდ არ ჩაუვლია.
რის ხარჯზეა შესაძლებელი დიზაინერის უნიკალური ხელწერის ჩამოყალიბება დამკვეთის სურვილებთან თანხვედრაში?
ჩემი ინტერიერი არასდროს არის ერთნაირი. მომწონს სხვადასხვა სტილზე მუშაობა. ერთი ე.წ. თარგის სხვადასხვა ბინაზე მორგება ჩემთვის მოსაწყენი იქნებოდა.
არ მხიბლავს ისეთი დიზაინერების ნამუშევრების ნახვა, რომელთა ინტერიერების გარჩევა მიჭირს და ყველა ერთმანეთს ჰგავს. ჩემთვის საინტერესოა ახალი გამოწვევები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნამუშევრებს თვალი რომ გადავავლო, ვფიქრობ, ყველა მათგანში იგრძნობა ჩემი ხელწერა. შესაძლოა ჩემ მიერ შექმნილი ინტერიერი საკმაოდ მკაცრ მინიმალისტურ სტილში იყოს გადაწყვეტილი, თუმცა იგრძნობა ოდნავ ნაზი და ქალური ტონები. ვცდილობ დამკვეთის სურვილები მაქსიმალურად გავითვალისწინო, მაგრამ ამასთან ერთად, დავიცვა ის ძირითადი აქცენტები, რომელიც მთლიან ხასიათს ქმნის. დამკვეთთან ერთად ვმსჯელობ, რისი შეცვლა შეგვიძლია, მაგრამ რა არის არსებითად მნიშვნელოვანი. ჩემთვის ყოველთვის იმ ადამიანის კომფორტია მთავარი, რომელმაც სივრცეში უნდა იცხოვროს, ან თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ინტერიერია, ის აუცილებლად მაქსიმალურად გათვლილი უნდა იყოს მის მომხმარებლებზე. როგორ ვაქციოთ სივრცე კომფორტულად და ამასთან, არ დავკარგოთ ინტერიერის ხასიათი და ინდივიდუალიზმი − ალბათ, სწორედ ეს არის ჩემი სამუშაო პრინციპი.
ახლა, როცა პანდემიის პირობებში უმეტეს დროს შინ ვატარებთ, რა შეცვალა ფაქტმა მომხმარებელთა სურვილებსა თუ მათ საჭიროებებში? რა ელფერი შეიტანა ცხოვრების ამ გამოწვევამ დიზაინში?
ინტერიერის დიზაინის განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ეს არის გლობალიზაცია, ახალი მასალებისა თუ ტექნოლოგიების შექმნა და მრავალი სხვა, მაგრამ 2020-მა წელმა ამ ყველაფერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი − პანდემია დაამატა. შესაბამისად, ამ პერიოდმა თითქოს ახალი დატვირთვა შესძინა საცხოვრებელს. თუ აქამდე ჩვენი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ძირითადად საცხოვრებელი წარმოადგენდა სივრცეს, სადაც დატვირთული დღის შემდეგ უნდა მივსულიყავით და დაგვესვენა, ახლა მას დაემატა ისეთი ფუნქციებიც, როგორიცაა თუნდაც სამუშაო/სავარჯიშო სივრცე, კულინარიის კუთხე და სხვა. ამიტომ, სივრცის დაგეგმარებისას, ახალი გადაწყვეტილებების პოვნა საჭირო გახდა, რადგან, რიგ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა არ გვქონდეს იმის საშუალება, რომ თითოეულ სივრცეს ცალკე ოთახი დავუთმოთ. გვიწევს, ვიპოვოთ გზა, თუ როგორ დავყოთ ერთი ოთახი სხვადასხვა ზონად. შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა ფორმის გამყოფი ტიხარი, ან შევიძინოთ მრავალფუნქციური ავეჯი. თუმცა ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ინტერიერის ესთეტიკური მხარე არ დაზარალდეს.
როგორ დგება კომუნიკაცია თქვენსა და მომხმარებელს შორის, სწორედ იმ მიზნით, რომ საერთო კონსენსუსს მიაღწიოთ, ჩამოყალიბდეთ საერთო ხედვებზე?
ჩემი პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ ამ კონსენსუსის მიღწევა და პოვნაა. არ არის მარტივი სრულიად უცხო ადამიანს ანდო შენი ყველაზე ინტიმური სივრცის მოწყობა. ამავდროულად, არც დიზაინერისთვის არის ადვილი აქამდე უცნობი ადამიანის ხასიათისა და სურვილების ამოცნობა და ჰარმონიზება ისე, რომ ერთიან სტილზეც იფიქრო და შექმნა რაიმე განსხვავებული და ინდივიდუალური. თუმცა ეს ყველაფერი, ისევე, როგორც საქმიანობის თანმდევი სტრესი, რომელიც დამკვეთის ბუნებრივ ღელვას, მის მოლოდინს უკავშირდება, ნამდვილი გამოწვევაცაა და მოტივაციაც.
ახალი წლის დღეები ის პერიოდია, როცა საცხოვრებლის სადღესასწაულო გაფორმება ბევრის გატაცებაა. როგორია წლევანდელი ტენდენციები, რომელიც მორთულობაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და ზოგადად, რა სიახლეები ჩანს სფეროში 2021 წლისთვის?
საცხოვრებელი სახლის საახალწლოდ მორთვა მართლაც ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია, თუმცა წელს ეს ბევრ სირთულეს უკავშირდება. ძნელდება თუნდაც სასურველი ნივთების შეძენა, ამიტომ ვფიქრობ წელს ადამიანებს მეტი დროც გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენი სახლის მორთულობები საკუთარი ხელით შევქმნათ. ვფიქრობ, ასეთი დეკორაციები სადღესასწაულო განწყობას ახანგრძლივებს და ამასთან, თითოეული ნივთი ინდივიდუალური და განსაკუთრებული ხდება.
ზოგადად, 2021 წლის ტენდენციებზე თუ ვისაუბრებთ და ამ წლის შესახვედრად ინტერიერის გაფორმება გვსურს, სასურველია მშვიდი და პასტელური ფერების არჩევა, როგორიც არის ღია ვარდისფერი, თეთრი, ღია ლურჯი ან ღია მწვანე ფერები. ასეთი პალიტრის მქონე შესაძლოა იყოს როგორც ნაძვის ხე, ასევე მხოლოდ მისი მორთულობებიც. ძალიან ტრენდულები იქნებით, თუ წელს ღია ვარდისფერ ან ცისფერ ნაძვის ხეს შეიძენთ და იგივე ან მსგავსი ტონალობის, ოდნავ მუქი სათამაშოებით მორთავთ. როგორც წინა წლებში, ასევე წელსაც აქტუალურობას არ კარგავს თეთრი ნაძვის ხე. ეს ის ფერია, რომელიც ტრადიციული მწვანე ნაძვის ხის მსგავსად, ალბათ, არასდროს გასცდება ტრენდს.
რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი საქმეში, რომელსაც წლებია ემსახურებით? რა ხდის მას აზარტულს?
ყველანაირი პათოსის გარეშე, ჩემთვის მთავარი მოტივატორი ადამიანების ბედნიერი სახეების დანახვა და მათი ამაღელვებელი კომენტარების მოსმენაა, როდესაც ინტერიერის დამუშავებულ დიზაინს ვთავაზობ. რა თქმა უნდა, არასდროს მავიწყდება საბოლოო შედეგის ხილვისას მათი გაბრწყინებული სახეები, როცა საკუთარ თავს, თავიანთ ბედნიერ ცხოვრებას იმ სივრცეში უკვე ხედავენ; როცა ოჯახის თითოეული წევრი თავის ოთახსა და კუთხეს „მოირგებს“− ყველაფერი ეს შრომად ღირს. ორმაგად სასიამოვნოა, რომ მეც ვხედავ ყველაფერ იმას, რასაც აქამდე გონებაში წარმოვიდგენდი, ვხედავდი − სად დაიძინებდნენ, ვთვლიდი დეტალებს, როგორ გამოეღოთ თავიანთი კარადის უჯრა, რა დაენახათ, როცა კონკრეტულ კუთხეში დასხდებოდნენ... საინტერესო პროცესები არასდროს გახდება აზარტს მოკლებული.
როგორ და სად იბადება იდეები? რა შთაგაგონებთ?
ჩემთვის ინტერიერი იწყება ადამიანისგან, იმ ინდივიდისგან, რომელიც მომმართავს. ის ხდება ჩემი შთაგონების წყარო, მისი ინდივიდუალიზმი, პიროვნული მახასიათებლები, ამბიციები თუ ოცნებები ინსპირაციაა.
მათ ირგვლივ ვტრიალებ და მათი ინტერესების ფრთაშესხმა, ერთ ორგანიზმად გადაქცევა, რომელსაც შემდგომ სახლი დაერქმევა, უდიდესი პასუხისმგებლობაა. პატივია, შექმნა გარემო, რომელში ყოფნა ან გაღვიძება გაუხარდებათ; ოფისი, რომელშიც მოსვლა სახალისო გახდება და სასტუმრო, სადაც ყოველ ჯერზე დაბრუნება მოგინდება.
ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ იდეების დაბადებისთვის ჩემი საყვარელი ადგილი საკუთარი სახლია, სადაც თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ. სახლში, რომელიც საკუთარი შრომითა და იდეებით შევქმენი, სადაც ბევრი ფანჯარაა, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულზე მოჩანს. როცა ზემოდან სახლებს ვათვალიერებ, ვცდილობ ჩემი ახლობლების საცხოვრებლებს შორიდან დავაკვირდე, ვიპოვო მათი აივნები − ეს ჩვევა ბავშვობიდან მაქვს. სწორედ ამ დროს ვისვენებ და ვფიქრობ ახალ იდეებზე.
ტენდენციებს ყოველ წელს საერთაშორისო გამოფენებზე დასწრებით ვეცნობი − ეს ყველაზე საინტერესო დღეებია დიზაინერის ცხოვრებაში, რაც წელს ყველას ძალიან მოგვაკლდა. გამოფენებზე ყველა ცნობადი თუ ახალი საინტერესო ბრენდი იყრის თავს და გვაცნობს ახალ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დიზაინერებს ახალი ტენდენციების მიხედვით ჩვენი ინდივიდუალური ხედვების შექმნაში გვეხმარება.
რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც სურთ ინტერიერი მათ იდენტობას გამოხატავდეს? რა უნდა გაითვალისწინონ და რა შეცდომები არ უნდა დაუშვან სასურველი შედეგის მისაღებად?
როგორც ყველა სფეროს, ასევე ინტერიერის შექმნასაც სჭირდება პროფესიონალის მუშაობა იმისათვის, რომ სასურველი და საუკეთესო შედეგი მივიღოთ, მაგრამ თუ ადამიანი გადაწყვეტს თვითონ გაართვას თავი ამ საკმაოდ რთულ ამოცანას, ვურჩევდი, ყველა იდეას მოუყაროს თავი, ინტერნეტში მოიძიოს სურათები, რომლებშიც სხვადასხვა დეტალი მოსწონს. ცალკე, ერთ ფაილში ჩამოწეროს ისინი და იპოვოს საერთო, რაც ყველა ამ დეტალს აერთიანებს, ასეთი კი აუცილებლად იქნება! ამით შეძლებენ, აღმოაჩინონ სტილი, რომელიც მოსწონთ.
ამის შემდეგ, ვურჩევ, აირჩიონ ორი ძირითადი საყვარელი ფერი კედლებისთვის და სამი ფერი დეკორისთვის. მათ შეუხამონ ყველაფერი, რის ყიდვასაც გადაწყვეტენ. ასე თავს დაიცავენ შეცდომებისგან. თუ ეხერხებათ, სცადონ ნივთების საკუთარი ხელით გაფორმებაც, გადააკეთონ, გადაღებონ... თუნდაც ნეიტრალურ ინტერიერში, ეს რამდენიმე შტრიხი ნამდვილად მათ ინდივიდუალიზმს გამოხატავს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ვაპირებ იმ მომსახურების განვითარებას, რომელიც ბოლო პერიოდში ჩემს კომპანიაში ავირჩიე. ვფიქრობ, სამომავლოდ სულ უფრო მოთხოვნადი გახდება სასტუმროებისა და საოფისე სივრცეების პროექტირება. ჩვენს ქვეყანაში „დიზაინის ლაბორატორიის“ ანალოგი არ არსებობს.
კომპანიის სერვისში, პროექტირებიდან დაწყებული, რემონტითა და ავეჯით დამთავრებული, ყველაფერი ერთიანდება. შემოთავაზება გულისხმობს სივრცეების მოწყობასაც, რადგან ეს არ არის სტანდარტული სივრცეები და მათ თავისებურებები ახასიათებს. დაპროექტებისას, ძალიან ბევრი დეტალი ზუსტად უნდა იცოდე, მომსახურებებშიც გათვითცნობიერებული უნდა იყო, რათა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სასტუმრო თუ ოფისი შექმნა.
ბევრს ვმოგზაურობ და სხვადასხვა ქვეყანაში თანამედროვე სასტუმროებს ვეცნობი. მომავალშიც, როდესაც საზღვრები გაიხსნება, მინდა არაბულ ქვეყნებს ვესტუმრო. იქ სასტუმროების დიზაინში აბსოლუტურად სხვა მოთხოვნებია და ევროპული ქვეყნებისგან, რომელთაც კარგად ვიცნობ, ძალიან განსხვავდება. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება იქნება, ამიტომ გეგმაში მაქვს მოვიარო აზია და სფეროში მათი საინტერესო გადაწყვეტილებები შევისწავლო.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი