ვენეციური სტილი სხვადასხვა კულტურისა და ისტორიული ეპოქის შერწყმაა. სტილი, რომელშიც უნიკალური და განუმეორებელი არქიტექტურის ქალაქმა – ვენეციამ დატოვა თავისი ანაბეჭდი. იტალიურმა ქალაქმა ფორმებში ელეგანტური სიმდიდრე, კლასიკური ძალაუფლება, ფორმათა გრაციოზულობა და პროპორციათა სრული ჰარმონია აღბეჭდა.
რომანტიზმში, სიმდიდრეში, ნათელ ფერებსა და თეატრალურ სილამაზეში ვენეციას რომელიღაც სხვა ქალაქი ძნელად თუ შეეჯიბრება. ოდესღაც ეს ქალაქი ინტრიგის, ძალაუფლების, სიმდიდრისა და ხელოვნების დედაქალაქი იყო. ინტერიერში წარმოდგენილი ვენეციური სტილი, სწორედ იმ ეპოქის ნაწილს ატარებს, როცა ქალაქი ისტორიული მოვლენებისა და შემოქმედებითი მიღწევების ცენტრი იყო, რომელსაც მომავალში იტალიურ აღორძინებას დაარქმევდნენ.
ვენეციური სტილის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ფერადი პალიტრაა. მდიდარი გამა ვენეციური ცხოვრების სპეციფიკასა და სიღრმეს გადმოსცემს. ყვითელი, მუქი მწვანე, ოქროსფერი თუ რძისფერი – ეს ფერები სამხრეთული მზის ფერებია. მწვანისა და ცისფრის მრავალფეროვანი ტონალობები კი ვენეციური სტილის სინატიფეს აყალიბებს. ფერები, რომლებსაც ინტერიერის გაფორმებისთვის იყენებენ, მრავალფეროვანი და ღრმაა. მდიდარი ტონალობების შერწყმა სწორედ იმ ატმოსფეროს ქმნის, რომელშიც ვენეციელები ცხოვრობენ.
სახლის ვენეციურ სტილში გაფორმება სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის, სიმდიდრისა და თანამედროვეობის არაჩვეულებრივი შერწყმაა. აქ რომანტიკული სტილის სინატიფე და ბაროკოს სიმდიდრე თანაბარ ჰარმონიაშია ერთმანეთთან.
ინტერიერში მორთულ თაღებს, ფრესკებს, სვეტებს, ნახევრადმომრგვალებულ ნიშებსა და ვიწრო ფორმის ფანჯრებს განასხვავებენ. დღეს იშვიათობას არც მრავალფეროვანი ვიტრაჟები წარმოადგენს.
კედლების გამოსაყოფად ბაროკოს სტილის ფონი გამოიყენება, რომლებზეც ვენეციის ხედებია აღბეჭდილი. კედლები და ჭერი, როგორც წესი, ერთი ფერითაა წარმოდგენილი. ჰოლს, დერეფნებს, აბაზანასა და აუზს მოზაიკით ან ნატურალური ქვებით რთავენ. იატაკი კი ყველაზე ხშირად მარმარილოთია გაფორმებული. ვენეციური სტილისთვის მარმარილო განსაკუთრებული ელემენტია და ბუხრისა თუ კიბეების გაფორმებაშიც აქტიურად გამოიყენება. რაც შეეხება ჭერს, აქ ყოველთვის მაღალი ჭერი გვხვდება. ეს ვენეციური სტილის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ის შესაძლოა უბრალოდ თეთრი დარჩეს. შესაძლებელია ბათქაშით გაფორმდეს.
ვენეციური სტილის ინტერიერისთვის ავეჯი მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ხით მზადდება და ძვირფას ხავერდს ან აბრეშუმს იმატებს. მდიდრულად მორთული კარადები ინტერიერს იდეალურად ერგება და მის ელეგანტურ პომპეზურობას წარმოაჩენს. ვენეციური სტილის ავეჯი ძვირფასი და ხანდახან ანტიკვარულია, რომელიც ფორმით, მოცულობითა და გაფორმებით გამოირჩევა. ავეჯი აქ უკვე ხელოვნების ნიმუშია.
ვენეციური სტილი მინიმალიზმს ვერ იტანს – ავეჯი ბევრი უნდა იყოს: ბრწყინვალე სავარძლები, დივნები, სკამები, მასიური კარადები ძველი წიგნებით. ვენეციურ ინტერიერს შესაძლოა ბაროკოს დეტალებიც დავუმატოთ, რადგანაც ამ ორ სტილს საერთო მახასიათებელი ნიშნები აქვთ.
სარკეების სიჭარბე ვენეციური სტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ვენეციური ინტერიერის სახლი უამრავი სარკისა და ძვირფასი ჩარჩოების გარეშე, რომლებიც ჭაღის გაფორმებაშიც კი გამოიყენება. ვენეციელი სარკის მჭრელები დეკორის ამ ელემენტის წარმოებით განთქმულნი იყვნენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვენეციური სტილის სიყვარული ძველი ნახატების მიმართ. მათი ასლებით აუცილებლად უნდა გაფორმდეს კედლები.
ვენეციურ დეკორში რკინის სანთლებს, ცნობილ მხატვრულ ნამუშევრებს, ფაიფურის ჭურჭელს და ძველ საათებსაც შეხვდებით. და რა თქმა უნდა – ვენეციური კარნავალის ნიღბებს. ინტერიერის დიზაინის ეს უცვლელი ატრიბუტი ყოველთვის ამ რომანტიკული და იდუმალი ქალაქის მოგონებებს გაგიღვიძებთ.
ჭურჭლის კოლექცია ვენეციური ინტერიერის სახლის პატრონისთვის სიამაყის სიმბოლოა. სტუმრების გემრიელად გამასპინძლება ვენეციელების მენტალიტეტშია, რისთვისაც სათანადო დემონსტრირებაც სჭირდებათ.
ვენეციური ინტერიერი ერთ-ერთ ბრწყინვალე სტილად მიიჩნევა, რომელიც რომანტიზმსა და სიმდიდრეს, სიძველესა და თანამედროვეობას აერთიანებს. ინტერიერის ვენეციურ სტილში გადაწყვეტისას, მხედველობაში იქონიეთ თქვენი მოთხოვნები, რადგანაც ისინი ინტერიერს ისე შეუთავსოთ, რომ არც საკუთარი სურვილები დაკარგოთ და სასურველი შედეგიც მიიღოთ. ვენეციური ატმოსფერო ნებისმიერს გააოცებს, ვინც ერთხელ მაინც შეხვდება მას. სწორედ ამიტომ, ინტერიერში ამ ქალაქის გარემო განსაკუთრებულ იერს იძენს. ვენეციური სტილით წარმოდგენილია როგორც ელიტური კოტეჯები ქალაქგარეთ, ასევე ქალაქის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინები, და ისინი ერთნაირად განუმეორებელი კლასიკური სილამაზის შეგრძნებას ქმნის ინტერიერში. სწორედ საოცარი და ამოუცნობი მიზიდულობის გამო, ვენეციური სტილი წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტად იხვეჭს პოპულარობას.