ინტერიერში მეტალი პოპულარობის პიკზეა – ულტრამინიმალიზმიდან კლასიკამდე. ის დღემდე პროფესიულ სამზარეულოსთან ასოცირდება. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ამ ფაქტურას საკუთარი სტატუსი უკვე შეეცვალა: მეტალით რთავენ ავეჯს, კედლებსა და ჭერსაც კი. ხანდახან, მეტალი ინტერიერის მთავარ დეტალადაც იქცევა, ამიტომ მის მიმართ მეტი ყურადღება გვმართებს. როგორ უნდა გამოვიყენოთ მეტალი თანამედროვე სახლში?
ბევრი მიზეზია იმისთვის, რომ მეტალისგან დამზადებული ავეჯი და დეკორაციები შევიყვაროთ. ოქროსფერი და ვერცხლისფერი ტონალობები ოთახს მდიდრულ განწყობას, ხოლო ცივი ფოლადისფერი – თანამედროვეობის ელფერს შემატებენ. მთავარია არ გადააჭარბოთ და მეტალის დეტალები ოთახის ცენტრალურ ფიგურებად არ აქციოთ.
მეტალის დეკორატიული აქცენტებისთვის არაა აუცილებელი უშუალოდ მეტალი გამოიყენოთ. ეფექტის მიღწევა მისი ფერების თამაშითაცაა შესაძლებელი. არ შეუშინდეთ რამდენიმე სხვადასხვა მეტალის აქსესუარის გამოყენებას. ოქროსგან და ფოლადისგან განსხვავებით, სპილენძი უნივერსალურია: ამ მეტალის წარმატებული გამოყენების მაგალითებს მინიმალიზმში, სკანდინავიურ და ინდუსტრიულ დიზაინში შევხვდებით.
მეტალისგან დამზადებული ბუხარი შინ განსაკუთრებულად მყუდრო ატმოსფეროს შექმნის. თუ ბუხარი ნამდვილია, მაშინ მეტალი უფრო მეტად შეგინარჩუნებთ სითბოს ოთახში. მეტი განუმეორებლობისთვის, მეტალის ბუხარს ამავე მასალის სავარძელი დაუმატეთ. თუ დიდი სახლი ან დუპლექსი გაქვთ, მეტალის კიბეები ერთ-ერთი საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება სხვა მასალებს, მეტალი არაჩვეულებრივი „მეზობელია“. მას შეუძლია შეთანხმებულად იარსებოს აგურთან და ეს შეხამება ინტერიერში მართლაც გასაოცრად გამოიყურება. ყველაზე ბრწყინვალე ვარიანტი შუშისა და მეტალის ტანდემია. მეტალი იმედის, სტაბილურობისა და ძალის გამოხატულებაა, შუშა კი პირიქით – სიმარტივისა და სიმსუბუქის. ასეთი ინტერიერის შემხედვარე თავდაჯერებულობის განცდა გეუფლებათ. მეტალი და შუშა კარგად გამოიყურება კარებისა და ფანჯრების დიზაინზეც. მეტალი ხის ინტერიერშიც თავისუფლად იკავებს ადგილს.
განსაკუთრებულობით, მეტალს ნებისმიერ შენობაში შეუძლია სითბოსა და სიმყუდროვის შემოტანა. მისი პრიალა საფარის მეშვეობით, დეკორში სინათლის თამაშიც ორიგინალურია. ბევრი მეტალი ინტერიერში ზედმეტია, ამიტომ რამდენიმე სახის დეტალი უკვე რესპექტაბელურ ატმოსფეროს შექმნის. საძინებელში, საწოლის გარშემო, მეტალის კარკასი ამჯობინეთ. თანამედროვე ინტერიერში ასევე ფართო გამოყენებას მეტალის მოზაიკა ჰპოვებს, რომლითაც ხშირად სამზარეულოს რთავენ.
მეტალს ინტერიერში, როგორც წესი, მკაცრი ხასიათი შემოაქვს. თუმცა, თბილი ტონალობებისა და მხატვრული ხედვის დახმარებით, მისგან პრაქტიკულად ყველაფრის მიღება შეიძლება: მეტალი მოდური აქსესუარი გახდება როგორც ცივი მინიმალიზმისთვის, ასევე მყუდრო კლასიკისთვის. მეტალის ინტერიერი დიდხანს სასიამოვნოდ გამახსოვრდებათ თქვენ და თქვენს სტუმრებს.
ფუტურიზმი მარტივი, ლაკონური, მაგრამ ამავე დროს ორიგინალური სტილია ინტერიერში. მას ძირითადად არაორდინარულად მოაზროვნე ადამიანები ირჩევენ, რომლებიც მოდას ფეხს აქტიურად უწყობენ. სანამ რემონტს ამ სტილში გადაწყვეტთ, მისი ყველა დეტალი დაკვირვებით უნდა გაიაზროთ.
ფუტურისტული სტილი გამოყენებით ხელოვნებასა და ლიტერატურაში XX საუკუნის დასაწყისში იტალიელმა პოეტმა ფილიპო მარინეტიმ დაამკვიდრა. ინტერიერში კი პოპულარობას სტილმა ოდნავ გვიან – კოსმიური ერის განვითარებისას მიაღწია.
კარების მომრგვალებული ფორმები, არაპროპორციული დაგეგმარება, ასიმეტრიული კუთხეები, ნეონის განათება, დეკორის მინიმალიზმი და სტილისთვის თანდაყოლილი დეტალები – ეს ფუტურიზმია. იგი მეტწილად არქიტექტურის სტრუქტურაზეა ორიენტირებული, თუმცა არაორდინარული კონსტრუქციების გარეშეც მიიღწევა შინ მსგავსი ატმოსფერო. არ გაგიკვირდეთ, თუ რემონტის შემდეგ სახლი გალაქტიკათაშორის არსებული კოსმიური ხომალდის სალონად იქცევა.
ფუტურიზმში დომინანტი ფერი თეთრი და მისი ტონალობებია. მკრთალი და ამრეკლავი მასალები ქმნის ილუზიას, თითქოს ოთახში ბევრი ფერია. ინტერიერს შესაძლოა კედლებზე ავანგარდული ნახატები დაემატოს, ავეჯზე ნათელი დეტალები, იატაკზე კი – გეომეტრიული ფორმის ხალიჩები.
კედლებზე შპალერი მიუღებელია. კარგი ალტერნატივა თეთრი საღებავით შეღებვა ან გლუვი ზედაპირის მქონე პლასტიკური პანელების გამოყენებაა.
უცნაური და ორიგინალური ავეჯი ფუტურისტულ სტილში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. არანაირი მახვილი კუთხეები და მკაცრი ფორმები. პირიქით – ავეჯი მსუბუქ, მრავალფუნქციურ და არაორდინარულ ფორმებშია წარმოდგენილი. ტექსტილის ელემენტებს მეტალისა და შუშის მასალები ცვლის, ფანჯრის გასაფორმებლად კი ჟალუზი გამოიყენება.
სინათლე რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს. ყველანაირი ფორმისა და მოდიფიკაციის სინათლის წყაროა მისაღები: ჰალოგენის ნათურებიდან დაწყებული, ავეჯში ჩაშენებული და იატაკზე მორგებული სანათებით დამთავრებული. განათების სწორი დაგეგმვით ინტერიერის გამოყოფილ დეტალებზე ვამახვილებთ აქცენტს და ამავდროულად, ოთახს ზონებად ვყოფთ. დღის სინათლე პრაქტიკულად არ გამოიყენება. უფრო ჰარმონიულად მეტალისა და შუშის ჭაღები გამოიყურება. რაც შეეხება სანათების ფერთა გამას, ცივი, კოსმიური ტონალობებია მიზანშეწონილი. მაგალითად – ცისფერი და იასამნისფერი.
ფუტურიზმი ერთ-ერთი მიმართულებაა ინტერიერში, რომელიც დეკორატიული ელემენტების სიუხვეს უარყოფს, ალტერნატივად კი ტექნიკის ბოლო მიღწევებს გვთავაზობს. თანამედროვე აღჭურვილობა ყველა ოთახს უნდა ამშვენებდეს და ყურადღებას სათანადოდ იპყრობდეს.