არ გყოფნით კვადრატული მეტრები? მაშინ სახლი მაქსიმალურად პრაქტიკული უნდა გახადოთ. მცირე ბინის ყველა ოთახს ერთდროულად რამდენიმე ფუნქციური დატვირთვა აქვს. თანამედროვე პატარა ბინებში სხვადასხვა სივრცის დახვეწილი გაერთიანება პრობლემის გადაჭრის გზაა. ისევე, როგორც ლიტერატურაში აზრის მოკლედ გადმოცემაა ნიჭიერება, მსგავსი ოსტატობით უნდა შევძლოთ დიდი გაფართოების დიზაინის მცირე ბინაში წარმოდგენა. ამით მას მრავალფუნქციურ იერს შევძენთ, რომელიც ვიზუალურად იმაზე მეტ სივრცეს გამოაჩენს, ვიდრე სინამდვილეშია.
რაც უფრო პატარაა სახლი, მით მეტად საჭიროებს დეტალებზე ყურადღების გამახვილებას. თითოეული მათგანი შენთან ახლოს იმყოფება და უფრო ნათლად ხედავ. ამიტომაც, ბინაში მთავარია სიკოხტავე. მასიურმა ნივთებმა აქ შესაძლოა სიცარიელის ილუზია შექმნას.
მცირე ფართობის ბინა უმჯობესია ერთ სტილში გავაფორმოთ. რაც უფრო მეტად ერთიანია, მით ფართოდ გამოიყურება. 40 კვადრატულ სანტიმეტრში არ ღირს კლასიკის, თანამედროვეობისა და ეგზოტიკის გაერთიანება. თითოეული ნივთი პატარა სივრცეში არა ერთ, არამედ რამდენიმე ფუნქციას უნდა ასრულებდეს. მაგალითად, წიგნების კარადა ტანისამოსის ჩასალაგებელი უჯრებით. ამასთან, კარადებიც ღია ფორმის სჯობს, რადგაც ბევრი დახურული კარი ოთახში დატვირთული იერის შემქმნელია. კარგი მიგნებაა კედელზე სარკის დაკიდება. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ის ვიზუალურად ადიდებს ოთახს.
არსებობს მითი, რომ რაც უფრო ნათელია ოთახი, მით მეტად ტოვებს სიცარიელის შთაბეჭდილებას. არ შეგეშინდეთ ფერების. ხორცისფერი და ნაცრისფერი ტონალობები უფრო მეტად დიდ სახლებს უხდება. ერთ-ერთი ხრიკი ერთი და იგივე ფერის იატაკი და კედლებია. მათ შორის საზღვარი ქრება და კედლები თითქოს ფართოვდება. ამის მოხერხება იატაკზე კედლის ტონალობის მქონე ხალიჩის დაგებითაცაა ხელმისაწვდომი. თეთრი ფერი პატარა სახლს მოცულობით იერს სძენს, თუმცა მისი სიჭარბე უკვე ცივ ელფერს ქმნის.
პატარა ბინაში სჯობს გარდერობს ადგილი გამოუნახოთ, ვიდრე ბევრი კარადა დადგათ. თუ საძინებელი მოგრძო ფორმისაა, შესაძლებელია მას ბოლო ნაწილი მოაკლდეს, რითაც ოთახის პროპორცია უფრო მეტად მოიგებს და ზედმეტი კარადის ადგილიც დაიზოგება. იფიქრეთ არასტანდარტულად: თუ საწოლამდე გარდერობის ნაწილის გავლა გიწევთ, ეს პრაქტიკული არჩევანია, რადგანაც დაწოლამდე და ადგომისას მაინც უპირველესად ტანისამოსს ვიცვლით.
დასაკეცი მაგიდა, რომელიც კედელთან იხურება, საუკეთესო არჩევანია. პრაქტიკული კომბინაცია მისი კარადაში მოთავსებაა. კედელზე გარკვეული აქცენტები საინტერესო როლს თამაშობს: აირჩიეთ ერთ-ერთი კედელი და რამდენიმე ეფექტური დეტალით მორთეთ, ან განსხვავებულ ღია ფერში გადაღებეთ. დანარჩენი კედლები ნეიტრალურ ფერსა და ფაქტურაში უნდა დარჩეს. მომგებიანია სასტუმრო ოთახში განთავსებული პატარა, მრგვალი, რბილი სკამი, რომელიც შესაძლოა ყავის მაგიდა, დამატებითი ჩამოსაჯდომი ან ფეხების შემოსალაგებელი გახდეს. რაც მთავარია, ავეჯი რაც შეიძლება წვრილი სილუეტებისგან უნდა შედგებოდეს. მაგალითად, მეტალის სკამები წვრილი ფეხებით თითქმის არ იკავებს სივრცულ ადგილს. დანარჩენი ნივთებიც ასევე მინიატურული ზომის უნდა იყოს. ერთ დიდი ზომის ავეჯთან პატარა დეტალები ნათელ ვიზუალურ კონტრასტს ქმნის. აბაზანაში უპირატესობა მიანიჭეთ ფართო ფილებს. დიდი ფორმის პრიალა ფილები სარკის ეფექტით, სივრცეს გაზრდის და სიღრმის ეფექტს მიანიჭებს.
თუ თქვენი ბინა სტუდიოს სტილისაა, ყველა ავეჯს კედელთან ნუ განათავსებთ. თუ ფიქრობთ, რომ ოთახის შუა ნაწილში დარჩენილი ცარიელი ადგილი ოთახს ზრდის, ეს არასწორია. „დახუნძლული“ კედლები უფრო დატვირთულ იერს აძლევს ინტერიერს და პრაქტიკულობასაც აკლებს. გამჭვირვალე მასალები, როგორებიცაა შუშა და აკრილი, მცირე ბინისთვის იდეალური ვარიანტია. შუშის ავეჯი, თავის ფუნქციასთან ერთად, ოთახის იერსახეს ამსუბუქებს.
ერთ-ერთი მთავარი ეფექტი ოთახის კედლებზე ოპტიკური ილუზიის შექმნაა. არ შეგეშინდეთ ფართო გამოსახულებების გამოყენება ინტერიერში. ისინი ოთახს ინდივიდუალობას მატებენ. ამასთან, ოპტიკური ილუზიის მქონე კედლები და იატაკი მოცულობითი ხასიათისაა.
გრძელი ნივთები კიდევ უფრო გაახალისებს თქვენი ოთახის დეკორს. ავეჯი, რომელიც „გვაიძულებს“ ზემოთ ავიხედოთ, ერთ-ერთი მომგებიანი ხრიკია. მაღალი სანათი ან ჭერამდე დაკიდებული ნახატები, პატარა, მყუდრო მისაღებ ოთახს მეტ მოცულობას სძენენ. სქელი ფარდები, მთელ კედელზე განთავსებული თაროები და ლამაზი ჭაღი, მსგავს მიზანს ემსახურება. მაღალი ჭერის შემთხვევაში, ოთახში მცირე მეორე სართულის მოწყობაც შეიძლება და შედეგად, სავარძლის თავზე საწოლის დადგმას შეძლებთ.
მცირე ფართობის ბინები არაა მიზეზი უარი ვთქვათ თამამ დიზაინერულ ექსპერიმენტებზე. ორ, სამ თუ ოთხ ათეულ კვადრატულ მეტრში სავსებით შესაძლებელია კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო პირობების შექმნა.