ლოფტების ისტორია ამერიკაში „დიდი დეპრესიის“ დროს დაიწყო. ფაბრიკები იხურებოდა, ხოლო დაცარიელებული შენობები მანჰეტენზე საცხოვრებლად დაბალ ფასად ქირავდებოდა. ლოფტი მაშინ სასტიკი სივრცე იყო: უზარმაზარი ფანჯრები, მაღალი ჭერი, ბეტონის იატაკი, თუჯის სვეტების მწკრივი, წითელი აგურის შელესილი კედლები... თუმცა, ყოველივე ეს იდეალურად ერგებოდა შემოქმედებით საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მხატვრებს, რომლებსაც საშუალება მიეცათ სახლი და სახელოსნო ერთ სივრცეში მოექციათ. ძველი ქარხნული კვარტლები ბოჰემურ რაიონებად იქცა და მუდმივი წვეულებების ადგილად ჩამოყალიბდა. ამ ადგილებით ნელ-ნელა რესპექტაბელურმა მდგმურებმა დაიწყეს დაინტერესება და ფასებმაც ზრდა დაიწყო. უკვე 1960-იან წლებში ლოფტები პრესტიჟული სახლების სტატუსით დამკვიდრდა. სწორედ ამ დროს გავრცელდა ეს დასავლური სტილი ევროპაში.ტრენდის მიმდევრები თავდაპირველად გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ჰოლანდია გახდნენ.
მოდური ლოფტის ბევრი ვარიაცია არსებობს. მთელ მსოფლიოში ამ სტილის ისეთი მიმართულებები ვრცელდება, როგორებიცაა რეტრო-ლოფტი, ურბანული ლოფტი, ჰაი-ტექ ლოფტი და არტ-ლოფტი.
ლოფტს დიდი სივრცე და სინათლე სჭირდება. მათ გარეშე ერთგვარი სიუხეშე მოგვჭრის თვალს. სწორედ ლოფტის დამახასიათებელი ნიშნები –სინათლე და მაღალი ჭერი, ხშირად ჩვენს ბინებში გვაკლია. არტ-ლოფტის შემთხვევაში ბეტონი კედლის მორთულობით ან დეკორატიული პანოებით ხალისდება, აგური კი თბილ წითელ ან ფორთოხლისფერ ელფერს იღებს.
მაღალი ჭერის ილუზიას დიდი რაოდენობით პატარა დეტალიც ქმნის, რომლებიც ინტერიერშია გაფანტული. თუმცა, დეტალების გადაჭარბება ამ სტილში მიღებული არაა. თითოეული ფუნქციური ნივთი შესაძლოა ხელოვნების ნიმუშად აღიქმებოდეს. ხშირად ლოფტის ინტერიერში წარმოდგენილი ფუნქციური ობიექტები მუზეუმის შედევრების მსგავსად გვაოცებს.
არტ-ლოფტი დიზაინში სრულ თავისუფლებას გვანიჭებს. უხეში დაფებისგან შემდგარი სკამი შესაძლოა წარმატებულად შეეხამოს მე-15 საუკუნის რაიმე არტეფაქტს. კედლები როგორც გრაფიტით, ისე ქალაქების შავ-თეთრი ფოტოებითაც ირთვება. თანამედროვე სავარძელი ადვილად მოთავსდება ირანულ ხალიჩაზე, ხოლო დაზგის მსგავს სასადილო მაგიდაზე თავისუფლად დაიკიდება ვენეციური მინის დეკორატიული ჭაღი.
აქ კომპოზიციის მთავარი მახასიათებლები ხელოვნების ნიმუშებია. არა მარტო სკულპტურები და ნახატები, არამედ არასტანდარტული ავეჯი, ჭაღები, ხალიჩა და სანტექნიკა. გამაფორმებელი დეტალები შესაძლოა მანქანებისა და თვითმფრინავების კონსტრუქციები, მანეკენებზე მორგებული ტანისამოსი ან თუნდაც გარკვეული ნივთების კოლექცია იყოს. ასეთ გარემოში მოხვედრისას თავს თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გრძნობ. ინტერიერის დაგეგმვისას მთავარია ნივთები მფლობელის ჰობებსა თუ გემოვნებას განასახიერებდეს და არა უბრალოდ აბსტრაქტულ გადაწყვეტილებებს.
არტ-ლოფტის შექმნის წესები მარტივია. ინტერიერში ნათელი საღებავები უნდა გამოიყენოთ, რათა ბეტონისა და აგურის ფონზე სასიამოვნო ატმოსფერო შეიქმნას. ითამაშეთ მასშტაბებითა და პროპორციებით. მაგალითად, ბევრი პატარა ფოტო ნათელ ჩარჩოებში კედელზე სასიამოვნო განცდას შექმნის, ხოლო დეკორატიული ნიშები კედლებს გაყოფს. ლოფტს არასტანდართული ავეჯი და ინტერიერის დიზაინი უხდება, ასე რომ ანტიკვარული თუ მეორადი ავეჯი, რომელსაც გარკვეულწილად გადაახალისებთ, თანაბრად წარმატებული არჩევანია. დეკორატიული სანათების მეშვეობით კი ლოფტის ღია სივრცე სხვადასხვა ზონებად დაიყოფა.
რაც შეეხება რეტრო ლოფტს, აქ ინტერიერში იშვიათი სახეობის ნივთები გვხვდება, რომლებმაც თავიანთი ფუნქციონირება დიდი ხნის წინ დაკარგა. ყველაფერი ამის მიუხედავად, არ დაგავიწყდეთ, რომ ინტერიერი ბოლომდე სამუზეუმო ექსპონატად არ უნდა იქცეს, ის მოხერხებული და კომფორტული უნდა იყოს საცხოვრებლად. რეტრო ლოფტში წარმოდგენილ ძველ ნივთებს განსაკუთრებული დაკვირვება და შერჩევა სჭირდება, გაითვალისწინეთ, რომ მათი ხარისხიანი რესტავრაციაც აუცილებელია.
ჰაი-ტექი ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად პრაქტიკულად ყველა ინტერიერში იკავებს ადგილს. თანამედროვე ინტერიერში ჰაი-ტექის ელემენტები ფუნქციური და ესთეტიკური დანიშნულებისაა, და რა თქმა უნდა იდეალურად ერგება ლოფტსაც. აქ ვხვდებით მეტალის ფაქტურებს და მაღალი ტექნოლოგიის აქსესუარებს: საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და მულტიმედიურ სისტემას.
ლოფტი – ეს ხარისხიანად დაგეგმილი და გაფორმებული, მრავალფუნქციური ინტერიერია, რომელიც სახლის პატრონებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ლოფტმა კლასიკური და თანამედროვე სტილიდან უამრავი საინტერესო რამ შეითვისა – მინიმალიზმი, კონსტრუქტივიზმი, ინდუსტრიალიზმი, ანტიკა, არტ ნუვო თუ არისტოკრატიული როკოკო. რა დარჩება ლოფტის ჭეშმარიტი სტილიდან და რა დაიკარგება, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს. ის კი ნათელია, რომ ლოფტი სხვა ორიგინალური ინტერიერების მსგავსად, მთელ რიგ დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავს, რომლებიც მის უნიკალურობას განსაზღვრავენ. მთავარი შარმი მის განუმეორებელ ავთენტურ ატმოსფეროშია. მსგავსი ეფექტი ნამდვილი ინდუსტრიული ობიექტის იერსაც სძენს.