ეკოლოგიურმა არქიტექტურამ უკვე დიდი ხანია რაც ევროპა და აშშ დაიპყრო. ეს ქვეყნები სამ მთავარ პრინციპს აერთიანებენ: ენერგიის დაზოგვას, ჯანსაღ კლიმატსა და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას. შუშებისთვის დიდი ადგილის გამოყოფით, განათებასა და გათბობაზე ვაკეთებთ ეკონომიას. მთავარია, ბინა მზის მოძრაობაზე იყოს ორიენტირებული. ეს არის სახლი, რომელიც „სუნთქავს“.
ეკოსახლებში საუკეთესო გადაწყვეტილება ბუნებასთან ჰარმონიაა. გამოცდილი არქიტექტორები ბუნებას არ ეხებიან: სახლები მდინარეებსა თუ ტყეებში არც ჰაერს, არც წყალს, არც მცენარეულ საფარს და არც ცხოველებს უშლის ხელს. ქალაქში მცხოვრებ თანამედროვე ადამიანს დღეს ხომ ძალიან აკლია ბუნებასთან ხშირი შეხება. ამიტომაც, თუ ჩვენ ვერ მივდივართ ბუნებასთან, იგი თავად მოვა ჩვენს კორპუსებთან ან კერძო სახლებში, თუ თავად მოვინდომებთ.
მხოლოდ სახლის სილამაზე მნიშვნელოვანი არაა. მთავარია იმ ადამიანთა ჯანსაღი მდგომარეობა, რომლებიც ამ სახლში ცხოვრობენ ან სტუმრად რჩებიან. სახლისთვის უსაფრთხოების შექმნასთან ერთად, ადამიანების ჯანმრთელობისთვის კარგი პირობების შექმნა მნიშვნელოვანია. თითოეული დეტალი, რომლებიც ეკოსახლებისთვის აირჩევა, არაა საზიანო და ესთეტიკურობასთან ერთად, ფუნქციური გამოყენებითაც ხასიათდება. სწორედ თანამაცხოვრებელთა კარგად ყოფნაა ეკომეგობრული გარემოს შექმნის წინაპირობა.
ეკოლოგიურად სუფთა სახლისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა მცენარეების დეკორაციულ დეტალებად გამოყენებაა. არაფერია უკეთესი, ვიდრე შინ ბუნებრივ ყვავილებს ახარებდეთ. მცენარეები ჰაერის გაფილტვრას უწყობენ ხელს და ოთახში მავნე ბაქტერიებს „ერჩიან“. გარდა ამისა, მცენარეები ოთახს სილამაზესა და ნატურალურ ატმოსფეროს მატებენ. აარჩიეთ ოთახისთვის შესაფერისი მცენარეები, სიმაღლისა და ფერის მიხედვით. ლილიები, ბამბუკი და გვირილები მიმზიდველი არჩევანია. ბამბუკი ეკოლოგიური მასალების ნამდვილი ჩემპიონია – ლამაზი, სასიამოვნოდ ხელშესახები და გამძლეა. მისი გამოყენებით არც ბუნებას აზიანებთ, რადგანაც ბამბუკი ხელახლა საოცარი სისწრაფით იზრდება.
ნამდვილი ეკოსახლი უპირველესად ნაკლებ ენერგიას უნდა იყენებდეს, მეორე მხრივ კი, ენერგიას თავად ქმნიდეს. ზოგიერთი სახლი უკვე იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე სჭირდება და ვიდრე მისი შექმნისას დაიხარჯა.
თბოიზოლაციისთვის, მეორადი ქაღალდი და მუყაო გამოდგება. ეს მასალები სითბოს საუკეთესოდ ინარჩუნებს. კედლებისთვის ხის პანელები ან კერამიკული კრამიტი გამოიყენეთ. გარდა იმისა, რომ ეს მასალები გარემოსთვის სასარგებლოა, კედლებს მეტ სინატიფეს სძენს.
ავეჯი, რა თქმა უნდა, ნატურალური ხისგან უნდა იყოს დამზადებული. ავეჯი ორგანული მასალებისგან, დიზაინის დახვეწილ იერსახეს ქმნის. სასურველია ხე უკვე გამოყენებული და გადამუშავებული ხერხით შეიმატოთ. ხალიჩები, ბალიშები, ზეწრები და ლეიბები სასურველია შალისა და მატყლისგან დამზადდეს, რომლებიც მტვრის ნაკლებ ნაწილაკებს იკრავს. მტვერი ალერგიას იწვევს, ამიტომ მისგან თავის დაცვა სწორი მასალების შერჩევითაა შესაძლებელი.
ეკოსახლებში ერთ-ერთი მთავარი გარემოება განათებების საშუალებათა სწორი დაგეგმვაა. უპირველესად, ისინი ენერგიის შენახვას უნდა უწყობდეს ხელს. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, სენსორული ნათების დაყენებაცაა შესაძლებელი, რომელიც არასოდეს დაგრჩებათ შემთხვევით ჩართული. ასეთი ტიპის განათება მოძრაობის მიხედვით იმუშავებს. დროთა განმავლობაში იმის შთაბეჭდილება დარჩება, რომ ეკოსახლი ჭკვიანი მეგობარია, რომელმაც „იცის“ სინათლის, ჰაერისა და ტემპერატურის სწორი გადანაწილება, კონტროლი და საჭიროება.
ეკოსახლებში განსაკუთრებული სიმშვიდე შეიგრძნობა. სწორედ ეს გახლავთ ეკოსტილის უდიდესი საიდუმლო – იგი თანამედროვე, კომფორტული დიზაინის გამოყენებით, შინ დაცულობისა და სიწყნარის შეგრძნებას ქმნის. ეკოდიზაინი იმითაცაა მიმზიდველი, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია მისი მორგება, რომლის შექმნისას არაა აუცილებელი მაინდამაინც ტყისა და ტბის სახლში წარმოქმნა. რაც უფრო მარტივია, მით უკეთესია: ეკოსახლებში არქიტექტურა არ უნდა იყოს დატვირთული. ავეჯიც ნაკლებია და ბუნებრივ ფერებშია.
ეკოსახლის შექმნა რთული კონსტრუქციების მინიმალიზაციას და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გაზრდას ითვალისწინებს. „მწვანე ინტერიერის“ დიზაინი ნაკლებ ღირებულებას, უკეთესი ხარისხის ჰაერს, ეფექტურ ენერგიას და ტოქსიკური მასალების დაბალ რაოდენობას მოიცავს. დასაწყისისთვის ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ელემენტები, მოწნული კალათები, მსუბუქი ავეჯი და კედლების ნატურალური გადაფარვა საკმარისია.
ეკოლოგიურად სუფთა ინტერიერი არა მარტო სახლის პატრონისთვისაა სასარგებლო, არამედ ბუნებისთვისაც. საკუთარი ცხოვრებით, დედამიწის ბუნებრივი საფარის განვითარებას ხელი არ ეშლება. ამიტომაც, შინ ნებისმიერი ელემენტის დანერგვა, რომელიც ეკოსახლებს ახასიათებს, პლანეტის გადარჩენაში წვლილის შეტანაა.