მუდმივი ფიქრის საგანია, თუ როგორ მოვუაროთ ავეჯს ისე, რომ დიდხანს მოგვემსახუროს, რადგანაც ამ საყოფაცხოვრებო ნაწარმს არც თუ ხშირად ვცვლით. მაგალითად, შინ სამზარეულო ყველაზე პოპულარული ადგილია. დიასახლისისთვის ეს „შემოქმედებითი სახელოსნოა“. თუ გსურთ, სამზარეულოში ყველაფერი დიდხანს გემსახურებოდეთ და ხარისხიანად გამოიყურებოდეს, მაშინ სპეციალური მოვლის ხერხებს უნდა მიმართოთ.
სამზარეულოს ავეჯი მრავალგვარი ზედაპირის შეიძლება იყოს და მათ სხვადასხვა სახის მოვლა სჭირდება. ხის ავეჯი მზის სხივებისგან უნდა დავიცვათ. ასეთ ავეჯს ასევე ცხელი ჭურჭლის „ეშინია“. ხის ავეჯის გასარეცხად ისეთი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც ქლორს არ შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მეტალი უფრო გამძლეა, იგი მაინც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მეტალის ავეჯი რომ არ დაიკაწროს, თხევადი სარეცხი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. სპირტის ხსნარებს ცხიმისა და ლაქების მოშორება შეუძლია, რასაც ჩაი, წვენი ან სხვადასხვა კერძი ტოვებს. შუშის კონსტრუქციებისა და ვიტრაჟების გასარეცხად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ საფხეკები ან ჯაგრისები. ჭუჭყის მოსაშორებლად ქიმიური პრეპარატების გამოყენებაა მიზანშეწონილი. კერამიკული ავეჯი კი, უნდა გახსოვდეთ, რომ მყიფე, მტვრევადია და მის მიმართ დელიკატური მოპყრობაა საჭირო. ფაიფურის ზედაპირზე მძიმე ნივთებით ნუ იმუშავებთ. აუცილებლობის შემთხვევაში სპირტის ხსნარი გამოდგება. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში კერამიკის მოთავსება არაა მიზანშეწონილი და რეცხვის ამ ხერხს სჯობს მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში მიმართოთ.
სხვა ავეჯის შემთხვევაშიც სპეციალურ ინსტრუქციას უნდა მივყვეთ. შინ ხის კარადები მსუბუქი ქსოვილით უნდა გარეცხოთ. გასუფთავების შემდეგ, კიდევ ერთხელ უნდა გაწმინდოთ, ოღონდ ამჯერად მშრალი ქსოვილით, და ყურადღება მიაქციოთ, რომ წყალი ბზარებში არ ჩავიდეს. პრიალა მასალებზე ხშირად თითების ანაბეჭდი რჩება, რომელიც ინტერიერის სილამაზეს აფუჭებს. მათ გასაქრობად სპეციალური სპრეები გამოიყენეთ. წითელი ხისთვის, მუხისთვის ან კაკლის ხისთვის ცოტაოდენი იოდი გამოდგება, რომელიც მცირე ნაკაწრებს ოსტატურად დამალავს. თუ მაგიდაზე ცხელი ჭიქა დადგით, რომელმაც არასასურველი კვალი დატოვა, ნუ იდარდებთ. ამ ლაქის მოშორება მცენარეული ზეთითა და სპირტით შეიძლება. ხის ავეჯი ხშირად მავნე პარაზიტების „მასპინძელია“. პარაზიტები მერქანში მომცრო ხვრელებს ტოვებენ. მათ მოსაშორებლად ნაფტალინი ბენზინში უნდა გავხსნათ და ხსნარით ხის ავეჯი გავასუფთაოთ. პროფილაქტიკის მიზნით კი, ეს მოქმედება 3 კვირაში გავიმეოროთ.
მეტალის კონსტრუქციების გასასუფთავებლად არასოდეს გამოიყენოთ მეტალის ბოჭკოვანი ღრუბელი. ასეთ მასალასთან რბილი ხელსახოცი გამოდგება, თუ საჭიროა – მცირეოდენი საპნით. მეტალი სპირტსა და უხეშ ჯაგრისებს ვერ იტანს.
შუშა ბევრი სახის ავეჯს უხდება და თანამედროვე სახლებშიც ფართო გამოყენება აქვს. იმისთვის, რომ სილამაზე შევუნარჩუნოთ, შუშის გასუფთავებას განსაკუთრებულად უნდა მოვეკიდოთ. შუშის კარებისა და თაროებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური ხსნარი გამოდგება, ან სპირტი, რომლის სუნსაც შემდეგ ცივი წყლით გადარეცხავთ. არ დადგათ ცხელი ჭურჭელი მინის მაგიდაზე დასაფარებლის გარეშე, რადგანაც შუშა მგრძნობიარეა მაღალ ტემპერატურასთან. ასევე ყურადღებით იყავით ლარნაკების ძირებთან, რომლებიც ყოველთვის მშრალი უნდა იყოს.
თავისი ესთეტიკურობით, კერამიკამ ფართო განვითარება ჰპოვა ინტერიერის დეკორაციაში. კერამიკული ნაწარმი გამძლეა ტემპერატურისა და სინათლის მოქმედების მიმართ. ნატურალობისა და მოკრძალებული მოვლის ხერხების მეშვეობით, იგი საოცრად პოპულარულია ჩვენს სახლებში. იმისათვის, რომ ფაიფური დიდხანს გემსახუროთ, არ გამოიყენოთ მჟავა, რადგანაც იგი მის მინანქარს დააზიანებს. თუ არც ისე დაბინძურებულია, უბრალოდ რბილი ხელსახოცი და მშრალი ქსოვილი გამოიყენეთ. თუ საკმაოდ დაბინძურებულია, წყალს რამდენიმე წვეთი ამიაკი დაამატეთ. კერამიკისთვის არც საპონი გამოდგება, რადგანაც ლამაზ ფორმას დროდადრო აკარგვინებს.
არასოდეს გააღოთ და დახუროთ ავეჯის კარები მკვეთრი მოძრაობით – ამით ავეჯის გამძლეობას გაახანგრძლივებთ.
მხოლოდ მინიმუმი გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი ავეჯი ბრწყინვალებას არასოდეს კარგავდეს!