წინ ცხელი ზაფხულის დღეებია, რომლებიც საყვარელ აგარაკებზე უნდა გავატაროთ. როგორ უნდა გავაფორმოთ კერძო სახლი, რომელსაც საზაფხულო დასვენების დღეებისთვის ვიყენებთ?
კომფორტული და ლამაზი სახლის შექმნამდე, მთავარი ძირითადი ინტერიერის განსაზღვრაა – თუ როგორი კონცეფციით გსურთ მთავარი ოთახისა და ეზოს დაგეგმვა.
ფრანგული სტილი, პროვანსი – ოცნებობთ საუზმეზე კრუასანებით? ფრანგულ სტილში სასიამოვნო ფერების შეხამებას ვხვდებით, თითქოს ცხელი დღეებისთვის დამახასიათებელი ყველა ფერი მზესავით ასხივებს: ნაღებისფერი, ღია ნაცრისფერი, მწვანე ჰორტენზია, ოქროსფერი თუ ცისფერი ტონალობა – ეს ფრანგული სტილია. ამ ინტერიერის მქონე აგარაკები ხის მასალით, ნაქარგებითა და ბამბის ქსოვილებზე ყვავილოვანი ორნამენტებით გამოირჩევა. სამზარეულოში, ღია თაროებზე მოთავსებულ ჭურჭელს, დაწნულ კალათებს, კედლის საათებს და წარწერებით გაფორმებულ დაფებს ვხვდებით. თუმცა ყველა დეკორაციული ელემენტის ერთად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ავეჯი ძირითადად ვინტაჟურია. სადაც უნდა იმყოფებოდეთ, პროვანსული სტილი თავს საფრანგეთის რომელიღაც თბილ მხარეში გაგრძნობინებთ.
ხმელთაშუაზღვის სტილი – გიოცნებიათ ფირუზისფერი სანაპიროს „თეთრ ვარსკვლავზე?“ ხის სახლი შეგიძლიათ ხმელთაშუაზღვის კოლორიტად აქციოთ. ასეთ ინტერიერს სიმსუბუქე ახასიათებს. მთავარი ფერი თეთრია და ის მართლად ბევრია გარშემო. კედლებზე თაბაშირი, იატაკზე კი – კრამიტი ან ქვაა. ფერთა აქცენტები ყვითლით, მწვანით ან წითელ-ნარინჯისფერი ტონალობებით კეთდება. ღია ცისფერი ან ფერადი კერამიკა საბერძნეთის ტრადიციული მახასიათებელია. იტალიურ ვარიანტში ლარნაკებსა და სკულპტურასაც ვხვდებით.
თანამედროვე ქანთრი – ეს სტილი ინგლისში დაიბადა. იგი განსაკუთრებული სიკეთისა და სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის. თანამედროვე ინტერიერს რამდენიმე ტრადიციულ ქანთრის ელემენტს სძენენ. თითოეულ ოთახში შეინიშნება პროვინციისთვის დამახასიათებელი დეტალები. მაგალითად, სასადილოში ამოკვეთილი ხის კომოდი, მისაღებში რკინის ჭაღი, საძინებელში მხატვრული ელემენტები, ბავშვების ოთახში კი – სათამაშოების დაწნული კალათა.
ამერიკული ნაციონალური ეკლექტიკა – ეს სტილი თავის თავში რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს და საოცარი ჰარმონიით გამოირჩევა. კლასიკური ნივთები შესაძლოა ღია ნათელ ფერებში იყოს – ეს ინტერიერის ერთ-ერთი აქტუალური ტრენდია. ტრადიციული ელემენტის თანამედროვესთან შეხამება დიზაინის ლაკონურობას ქმნის. ამერიკული სტილი იმითაა პოპულარული, რომ ძვირფასი ნივთების იმიტაციას ახდენს, სინამდვილეში კი მეტად იაფფასიან მასალებს იყენებს. ყველა ოთახი ნიშებითა და თაღებით გამოიყოფა და იქ დიდი რაოდენობით რბილი ავეჯია.
თუ კლასიკურ დიზაინს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ კედლებისთვის ღია ფერები, მასალებად კი საღებავი აარჩიეთ. რაც შეეხება ავეჯს, ისინი მუქ ფერში უნდა გადაწყდეს. ესენი შესაძლოა იყოს მეტალი, ხე ან შუშა.
ვისაც ორიგინალური გაფორმება უყვარს, მათთვის სკანდინავიური სტილი გამოდგება. ბუნებრივობა – ეს ამ სტილის მახასიათებელი ნიშანია. მასალებად ქვა, ხე და ქსოვილები გამოდგება. ამ სტილის არჩევისას დეკორატორები მეტალს არ გვირჩევენ. ფერები ცივი და ნათელია: ღია მწვანე, ღია ცისფერი, ხორცისფერი, თეთრი ან ღია ყვითელი.
რჩევები აგარაკის გასაფორმებლად: საერთო ზონებისთვის ერთი სტილი აარჩიეთ. პირად ოთახებში კი შესაძლებელია სხვადასხვა სტილით თამაში. ფუნქციური ზონების ერთმანეთში გადასვლისთვის ერთი ფერი გამოიყენეთ. მაგალითად, თუ სამზარეულო ფირუზისფერ ტონალობაშია შეღებილი, სასადილო ოთახში ამ ფერის მაგიდა დადგით. ტექსტილის ორნამენტები საერთო მოტივის გარშემო უნდა გაერთიანდეს. უფრო მეტი განათების დამატებას ეცადეთ. ჭაღთან ერთად, სინათლის სხვა წყაროებიც გამოდგება – ბრა ან სანათი.
ერთ-ერთი სწორი მიგნება ინტერიერის ექსტერიერში ღია გადასვლაა. მთელ კედელზე, შუშებიანი კარის მეშვეობით, სუფთა ჰაერი სახლში ყველგან იმოძრავებს და ცხელ დღეებსაც სასიამოვნოდ გააგრილებს.
ზაფხულის სეზონზე აგარაკისთვის საუკეთესო არჩევანი აუზის ან თურქული აბაზანის მოწყობაა. ორივე მათგანი სტრესის მოხსნას საუკეთესოდ შეუწყობს ხელს. ასევე, საინტერესო გადაწყვეტილებაა გასართობი სივრცის შექმნა, სადაც ჰამაკები და განსატვირთი მოწყობილობები განთავსდება. სასადილო ოთახში დიდი მაგიდა უნდა დაიდგას, სადაც სტუმრების მოპატიჟება და გამასპინძლება იქნება შესაძლებელი. ეს დეტალი ოჯახის საერთო ვახშმის ტრადიციის ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს.
თანამედროვე და ყველაზე მოხერხებული დიზაინერული გადაწყვეტილება კიბეებში ჩაშენებული ბიბლიოთეკაა. ერთი მხრივ კიბე, ხოლო მეორე მხრივ – თაროებია, რომლებიც ინტერიერში საკმაოდ მიმზიდველად და ჰარმონიულად გამოიყურება.
აგარაკებს განსაკუთრებით ხელნაკეთი აქსესუარები უხდება. დღეს, ისინი საკმაოდ ძვირად ფასობს, რადგანაც ისეთი დრო დადგა, როცა ერთნაირი ნივთების სიმრავლეა. განსხვავებული და ორიგინალური დეტალები კი აგარაკის ინტერიერს ავთენტურ იერს სძენს. ფანტაზიისა და უამრავი ვიდეოს მეშვეობით, თავადაც შეძლებთ შექმნათ მსგავსი ნივთები. ამით დეკორზე ეკონომიას გაწევთ და სახლს მეტად ინდივიდუალურ ელფერს შესძენთ.
თუ ქალაქის გიჟურმა რიტმმა გადაგქანცათ, მაშინ, დროებით, კორპუსის ბინა ქალაქგარეთ მდებარე სახლზე უნდა „გაცვალოთ“. იქ, საკუთარ „მშვიდ კუნძულს“, ნამდვილად მოიწყობთ.