ამერიკული მოდერნისტული არქიტექტურის მაესტრო ჯონ ლოტნერი მსოფლიო კინოსთან ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული. მისი არქიტექტურული შედევრები ბევრ ჰოლივუდის ფილმში აისახა: ბონდის ფილმებიდან დაწყებული "დიდ ლებოვსკიმდე". სხვადასხვა დროს მის აშენებულ სახლებში ცხოვრობდნენ გვინეტ პელტროუ, კრის მარტინი, კორტნი კოქსი... ახლახანს კი ედვარდ ნორტონმა მისი კიდევ ერთი შედევრი შეიძინა, რომელიც 11.8 მილიონი დოლარი დაუჯდა.
საუბარი მალიბუს ცნობილ სახლზეა, რომელიც ლოტნერმა 1968 წელს ოკეანის სანაპიროსთან ააგო. სახლის ფორმა ტალღას მოგვაგონებს. 313 კვადრატულ მეტრში 5 საძინებელი, 5 სააბაზანო და ღია აუზია. კედლები ნატურალური ხისგანაა დამზადებული, მათ შორის სამზარეულოც და სააბაზანოც. დიდი ფანჯრებიდან ოკეანეზე საოცარი ხედი იშლება და სახლს წინ პირადი სანაპირო ესაზღვრება.