ეკოლოგიურმა არქიტექტურამ უკვე დიდი ხანია რაც ევროპა და აშშ დაიპყრო. ეს ქვეყნები სამ მთავარ პრინციპს აერთიანებენ: ენერგიის დაზოგვას, ჯანსაღ კლიმატსა და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას. შუშებისთვის დიდი ადგილის გამოყოფით, განათებასა და გათბობაზე ვაკეთებთ ეკონომიას. მთავარია, ბინა მზის მოძრაობაზე იყოს ორიენტირებული. ეს არის სახლი, რომელიც „სუნთქავს“. ეკოსახლებში საუკეთესო გადაწყვეტილება ბუნებასთან ჰარმონიაა.
გამოცდილი არქიტექტორები ბუნებას არ ეხებიან: სახლები მდინარეებსა თუ ტყეებში არც ჰაერს, არც წყალს, არც მცენარეულ საფარს და არც ცხოველებს უშლის ხელს. ქალაქში მცხოვრებ თანამედროვე ადამიანს დღეს ხომ ძალიან აკლია ბუნებასთან ხშირი შეხება. ამიტომაც, თუ ჩვენ ვერ მივდივართ ბუნებასთან, იგი თავად მოვა ჩვენს კორპუსებთან ან კერძო სახლებში, თუ თავად მოვინდომებთ.
ნამდვილი ეკოსახლი უპირველესად ნაკლებ ენერგიას უნდა იყენებდეს, მეორე მხრივ კი, ენერგიას თავად ქმნიდეს. ზოგიერთი სახლი უკვე იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე სჭირდება და ვიდრე მისი შექმნისას დაიხარჯა.