2016 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ვიქტორია ბექჰემი „ესტე ლაუდერთან“ თანამშრომლობას აპირებდა, ხოლო აგვისტოს მიწურულს ამ თანამშრომლობის შედეგი ვიქტორიამ საკუთარი ინსტაგრამის 12 მილიონზე მეტ გამომწერს წარუდგინა. ექსკლუზიური თანამშრომლობის შედეგად შექმნილმა ხაზმა უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა და დახვეწილი მაკიაჟის ათასობით თაყვანისმცემელი მოუთმენლად ელის ახალი პროდუქტის გამოჩენას.
„ესტე ლაუდერი“ 1946 წელს ნიუ-იორკში დაარსდა, ვიქტორია ბექჰემის ტანსაცმლის ხაზი კი 2008 წლიდან გამოჩნდა და ძალიან მოკლე დროში მოიპოვა წარმატება, რაც დიდწილად ვიქტორიას აღიარებული სტილის დამსახურებაა.
დღეს ორივე ბრენდი სილამაზის და მოდის მრავალმილიონიანი ინდუსტრიის საკმაოდ მსხვილი მოთამაშეა და ცხადია, რომ მათი ქო-პროდუქცია დიდ ინტერესს იწვევს. ამის მიუხედავად, არც ვიქტორია და არც „ესტე ლაუდერის“ წარმომადგენლები არ ჩქარობენ საზოგადოებისთვის ვრცელი ინფორმაციის მიწოდებას.
ცნობილია, რომ ბრიტანული „ვოგის“ ოქტომბრის ნომერში ვიქტორია ვრცლად ისაუბრებს ერთობლივ ხაზზე, მანამდე კი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლება: „ძალიან ამაღელვებელი და, იმავდროულად, შემეცნებითი იყო „ესტე ლაუდერთან“ თანამშრომლობა ექსკლუზიურ ხაზზე, რადგან მუშაობის პროცესში ესტეს გუნდთან ერთად მომიწია ბრენდის მთელი გამოციდლების გათვალისწინება. ესტე ლაუდერით, როგორც ადამიანით, რომელმაც ასეთი ძლიერი ბრენდის შექმნა მოახერხა დიდი ხანია აღტაცებული ვარ და მიხარია, რომ ჩემი მცირე წვლილიც შევიტანე მის ხედვაში.“
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც უკვე ცნობილია, ისაა, რომ ხაზის სახე 20 წლის მოდელი კენდელ ჯენერია.