მხიარული ყვითელი ფერი ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშად მიიჩნევა, ყვითელი ასოცირდება მზესთან და ზაფხულთან. მეცნიერების აზრით, ის ადამიანის ფსიქიკაზე გამომაცოცხლებლად მოქმედებს, ახშირებს გულისცემას და სისხლის ცირკულაციას აჩქარებს.
ინტერიერში გამოყენებული ყვითელი ფერი ოთახებს სითბოს სძენს, დიზაინერები გვირჩევენ, ის ცივ და ბნელ ოთახებში გამოვიყენოთ, ხოლო, თუ ოთახი ისედაც მზის მხარესაა, ყვითელს, უმჯობესია, მოერიდოთ, ასე ცხელ დღეებს უფრო იოლად გადაიტანთ.
ასევე, სასურველი არაა ყვითელი ფერის საძინებელში გამოყენება - შესაძლოა, მან თქვენი გონება დატვირთოს და დაძინებას ვეღარ შეძლებთ.
საუკეთესო ვარიანტია ამ ფერის სააბაზანოში და სამზარეულოში გამოყენება - ის შესანიშნავად დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში და დილიდანვე დადებით განწყობას შეგიქმნით.
გახსოვდეთ: ყვითელი არის ძალიან ინტენსიური ფერი, შესაბამისად, მისი გამოყენებისას ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ: შეურიეთ მას თეთრი, კრემისფერი შეფერილობებიც, რათა საბოლოო ჯამში, ყველაფერი არ „გადააყვითლოთ“.
მას უხდება დამჯდარი მწვანეც, რომელიც ყვითლისგან განსხვავებით ნერვულ სისტემას ამშვიდებს, რაც შეეხება შავისა და ყვითლის კომბინაციას, ის უფრო საოფისე გარემოს მოუხდება.