სტუმრები 160-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის – ასობით ჟურნალისტი, ავეჯის მწარმოებელი, ახალგაზრდა დიზაინერები; სემინარები და მასტერკლასები ავეჯის წამყვანი დიზაინერებისგან... OK!‑გუნდი, ექსკლუზიურად ჩვენი ჟურნალისთვის, მილანში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, პრესტიჟულ და პოპულარულ ყოველწლიურ გამოფენას ეწვია, რომლის ფარგლებში ავეჯის საინტერესო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
Salone del Mobile.Milano ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული ავეჯის სალონია მსოფლიოში. ყოველ გაზაფხულზე, მილანში, ავეჯის საუკეთესო მწარმოებლები, დიზაინერები და დისტრიბუტორები იკრიბებიან და გამოფენაზე მისულ სტუმრებს უახლეს ტენდენციებს აცნობენ. ეს ღონისძიება ჯერ კიდევ 1961 წლიდან მიიჩნევა ავეჯის სამყაროს ყველაზე გრანდიოზულ მოვლენად და თანამედროვე ნამუშევრების მოყვარულთა ნამდვილ დღესასწაულად.
Salone del Mobile.Milano-ს რიგით 55-ე გამოფენამ მილანი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ და საინტერესო წერტილად აქცია. წელს მილანს სტუმრები 160-ზე მეტი ქვეყნიდან ეწვია. გამოფენა სამ ნაწილად გაიმართა და დამთვალიერებლებს საყოფაცხოვრებო, კლასიკური და დეკორატიული ავეჯი წარუდგინა.