როდესაც შინ ვბრუნდებით, ან სტუმრად მივდივართ, ყოველთვის გვინდა, რომ მყუდრო გარემოში ვიყოთ. ამისთვის სპეციალურად დიზაინერის დაქირავება აუცილებელი სულაც არაა, რადგან თუ ძირითადი წესები გეცოდინებათ, ამ საქმეს თავს თქვენც ძალიან მარტივად გაართმევთ:
გაიაზრეთ ოთახის დანიშნულება.
აუცილებელია ზუსტად იცოდეთ, ოთახი რა დანიშნულებისთვის გჭირდებათ. ამის მისახვედრად, გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახის წევრების ცხოვრების სტილი და ჩვევები, დღის განრიგი. ფურცელზე ჩამოწერეთ ოთახები, რომლებიც გჭირდებათ. დაფიქრდით იმაზეც რომელი ოთახების გაერთიანება იქნება დასაშვები. მაგ: სამზარეულოსი და სასადილო ოთახების, საძინებლისა და გარდერობის ოთახების და ასე შემდეგ. დახაზეთ გეგმა, დაფიქრდით, ავეჯს როგორ დადგამთ.
იფიქრეთ, რა სტილში გადაწყვეტილი ოთახები გსურთ.
აქ იგულისხემება ფერები, ფაქტურები. ასევე, თქვენი ბუნებაც - უფრო მშვიდი ხართ თუ აქტიური? თუ მშვიდი ხართ, წყნარი ტონალობები შეარჩიეთ, თუ აქტიური - კაშკაშა და მკვეთრი შეფერილობები უფრო გესიამოვნებათ.
სიმეტრია და ბალანსი.
იპოვეთ ოთახში 1 სიმეტრიული წერტილი და ინტერიერი მის გარშემო ააგეთ. ამ წერტილად შეიძლება მოვიაზროთ ბუხარი, კედელზე ჩამოკიდებული ნახატი, ფანჯარა... გამოიყენეთ ვერტიკალური ხაზები - ეს ილეთი ოთახს ვიზუალურად ამაღლებს. დაამატეთ ერთი ასიმეტრიული ნიუანსი.
ფერი და ფაქტურა განუყოფელია.
ცივი ფერები ცხელი ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის არის ზედგამოჭრილი, თბილი ტონალობები კი, გაფიქრებინებთ, რომ ოთახში რამდენიმე გრადუსით უფრო თბილა. კაშკაშა ფერები საძინებლისა და აბაზანისთვის მიუღებელია. კარგი იქნება, მკვეთრი ტონალობები იმ ოთახებში გამოიყენოთ, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ.
განათება - ინტერიერის მთავარი კომპონენტი.
დღის შუქით მაქსმალურად დატკბით, ფანჯრებს ნუ დაბურავთ. გამოიყენეთ სარკეები - ისინი ოთახს ვიზუალურად უფრო დიდად გამოაჩენენ. ხელოვნური განათებები ატმოსფეროს ქმნიან ამიტომ მათი მთელი არსენალი იქონიეთ.
ინტერიერს დეტალები განსაზღვრავს.
ყურადღებით შეარჩიეთ კარადა, მისი ფაქტურა და ფერი ოთახის დიზაინზე არსებითად იმოქმედებს, კარგი იქნება, თუ დივანზე სხვადასხვა ფერის ბალიშებს დააწყობთ. ყურადღება მიაქციეთ ფანჯრების დიზაინს, ჩვენ ნეიტრალური ფერის ფარდების შეძენას გირჩევთ, რადგან ამ შემთხვევაში, ნაკლები ალბათობაა, ისინი მალე მოგბეზრდეთ. ზოგადად, ნაჭერი ინტერიერს სიმყუდროვეს სძენს: ეს შეიძლება იყოს სავარძელზე უხეშად გადაფენილი შალი, პლედი ან მაგიდაზე დაფენილი რბილი სუფრა.
გამოიყენეთ თქვენთვის საყვარელი ნივთები.
აუცილებელი არ არის, ყველაფერი ახალი იყიდოთ. გამოძებნეთ ადგილი ისეთი ნივთებისთვის, რომლებიც დიდი ხანია გიყვართ, მთავარია, მათთვის შესაფერისი ადგილის სწორად შერჩევა მოახერხოთ. აქსესუარების განსათავსებლად თაროები ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი იქნება.