გსურთ თქვენს სახლში არა ბანალური, თვალს მიჩვეული უბრალო კედელი, არამედ მხატვრულად, თავისუფლად, ხელით მოხატული კერამიკული ფილებით გაფორმებული სივრცე? სწორედ ამისთვის შეიქმნა ახალი ქართული ბრენდი Giorgi’s Ceramics, რომელიც საზოგადოებას დეკორატიული სტილისტიკით გაფორმებულ დიზაინსა და მყუდრო გარემოს შექმნას სთავაზობს. OK! ბრენდის დამფუძნებელ გიორგი ტაბლიაშვილს ესაუბრა, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს საკუთარი მუშაობის პრინციპების, სამომავლო გეგმებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ.
გიორგი, უპირველეს ყოვლისა, გაგვეცანით. როდის დაინტერესდით კერამიკით?
მოგესალმებით. კერამიკით ჯერ კიდევ ბავშვობაში დავინტერესდი, როდესაც გავიცანი და დავემოწაფე არაჩვეულებრივ ადამიანსა და კერამიკოსს, ალდე კაკაბაძეს. ქალბატონი ალდეს − ჩვენი საზოგადოების გამორჩეული ადამიანის, უდიდესი ამაგითა და ღვაწლით, ასევე მისი მეუღლის − ბატონ რევაზ იაშვილისა და შვილის, გია იაშვილის მეცადინეობით, კერამიკა ჩემს საყვარელ საქმიანობად იქცა ბავშვობიდან დღემდე. შემოქმედებითი ბუნების მქონე ჩემი მშობლების დიდი ხელშეწყობით, თიხასთან ურთიერთობა, საკუთარი თავის ძერწვაში გამოხატვა, თიხით შემოქმედებითი პროცესი და მასთან მუშაობის ნამდვილი მაგია ჩემი ცხოვრების თანხმლებ პროცესად და მთავარ შთაგონებადაც კი იქცა.
რამდენი ხანია, რაც აქტიურად ხართ ამ პროფესიით დაკავებული და როდის შექმენით თქვენი ბრენდი?
სამხატვრო აკადემიაში კერამიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზებისა და ქვეყანაში არსებული, კერამიკასთან მუშაობისთვის სრულიად შეუძლებელი პირობების გამო, დროებით ჩამოვცილდი ჩემს სფეროს. სამაგიეროდ, აქტიურად ვაგრძელებდი ხატვას, ფერწერაში მუშაობას. ჩემი ნახატებით წლების განმავლობაში ათეულობით გამოფენაში მივიღე მონაწილეობა საქართველოსა და საზღვრებს გარეთ. ვმუშაობდი საქართველოში მხატვრების ჩამოყვანასა და საერთაშორისო გამოფენების ორგანიზებაზე, ვთანამშრომლობდი ძალიან ბევრ ქართულ კომპანიასთან, როგორც მხატვარი და დიზაინერი. ფერწერაში მუშაობას ახლაც ვაგრძელებ, თუმცა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წელი აქტიურად ვითანამშრომლე მხატვრად თბილისში არსებულ კერამიკის არაერთ კომპანიასთან, საბოლოოდ გადავწყვიტე გამეხორციელებინა ჩემი დიდი ხნის სურვილი − შემექმნა საკუთარი კერამიკული სახელოსნო და დამეარსებინა ჩემი ბრენდი − Giorgi’s Ceramics-ი. დიდი ენთუზიაზმითა და მოტივაციით დავიწყე საკუთარი კერამიკული ნამუშევრების შექმნა.
ძირითადად, რაზე მუშაობთ?
თავიდანვე ხაზგასმით ვიტყვი, რომ სახელოსნოს შექმნისას მთავარ მიზნად დავისახე, ჩემი კერამიკა ყოფილიყო არა მასობრივ წარმოებაზე, საბაზრო პროდუქციაზე, იაფფასიან და შაბლონადქცეულ სტილისტიკის შექმნაზე გათვლილი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სტილისტიკისა და ხასიათის ნამუშევრებზე დაფუძნებული. ვინაიდან ეს არის ჩემი სახელოსნო, ბრენდის სახელიც არის Giorgi’s Ceramics. ყველაფერი მოხატული იქნება ექსკლუზიურად საკუთარი სტილისტიკით. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვმუშაობ ყველაფერზე − დეკორატიული, გამოყენებითი კერამიკული ნივთებიდან დაწყებული, კერამიკული ფილებით ავეჯის გაფორმებითა და წარმოებით დასრულებული. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ვმუშაობ სახლის ინტერიერში კედლის კერამიკული ფილებით გაფორმებაზე.
შეკვეთებს იღებთ?
რასაკვირველია. რამდენიმე სადიზაინერო კომპანია უკვე დაინტერესდა ჩემი ნამუშევრებით და აქტიურად დავიწყე თანამშრომლობა მათთან იმისათვის, რომ ინტერიერის დიზაინში ჩაერთოს და კონკრეტული კედელი გაფორმებული იყოს ჩემ მიერ მოხატული კერამიკული ფილებით. ამჟამად მივიღე შეკვეთები კერამიკული ფილებით გაფორმებულ მაგიდებზე. ასევე, თავისთავად ვიღებ შეკვეთებს ნებისმიერი ტიპის ხელნაკეთი, დეკორატიული, გამოყენებითი კერამიკული ნივთების შექმნაზე.
გვესაუბრეთ მუშაობის პროცესზე.
გულწრფელად რომ ვთქვა, არ მეგულება შემოქმედებითად ამდენად საინტერესო სფერო, როგორიც კერამიკაა. მუშაობის პროცესს ერთმანეთზე უფრო საინტერესო რამდენიმე ეტაპი ახლავს − დაწყებული სველი თიხით ძერწვიდან, მის ხელმეორე გამოწვამდე. ამ პროცესში მხატვრის წვლილი მხოლოდ ნაწილობრივია, ხოლო მეორე ნაწილი მხატვრის კონტროლს მიღმაა. არასოდეს არ იცის კერამიკოსმა, თუ როგორი იქნება ნამუშევარი მისი ხელმეორე გამოწვის შემდეგ. შესაბამისად, კერამიკაში მუშაობას ნამდვილად ახლავს უდიდესი მაგია, რომელსაც გრძნობ ერთი მხრივ შემოქმედებით პროცესში ჩართულობით, ხოლო მეორე მხრივ ოთხ სტიქიასთან: მიწასთან, ცეცხლთან, წყალთან და ჰაერთან ურთიერთობით.
დღესდღეობით, როგორია ამ საქმიანობის პოპულარიზაცია საქართველოში?
დღესდღეობით, საბედნიეროდ, განსხვავებით ახლო წარსულისგან, ეს სფერო საქართველოში შედარებით მოძლიერდა. აშკარად იგრძნობა დაინტერესება საზოგადოების მხრიდან კერამიკის მიმართ. გაიხსნა რამდენიმე კერამიკული სახელოსნო, რომელიც აქტიურად მუშაობს და სასიხარულოა, რომ გამოჩნდნენ ახალი თაობის ნიჭიერი კერამიკოსებიც. თუმცა კერამიკას ჩვენს ქვეყანაში აქვს მეტი პოტენციალი. ვისურვებდი კერამიკოსები უფრო მეტად და თამამად დაკავდნენ საკუთარი სტილისტიკის და ხაზის გატარებით. მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 90-იანი და ორიათასიანი წლების დასაწყისისგან განსხვავებით, ახლა ამ სფეროს ერთგვარი ბუმიც შეინიშნება, ჩემი აზრით, ერთი შეხედვითვე ჩნდება სურვილი, რომ კერამიკაში იყვნენ გამოკვეთილი ინდივიდუალისტები, თამამად მოაზროვნე მხატვარ-კერამიკოსები, რომლებიც მეტ სიცოცხლესა და სიახლეს შესძენდნენ ამ სფეროს ჩვენს ქვეყანაში.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ ვაპირებ სახელოსნოს გაფართოებას. ვცდილობ აქტიურად ვითანამშრომლო სხვადასხვა სადიზაინერო კომპანიასთან და ვიმუშაო ასევე შედარებით მასშტაბურ პროექტებზე. მიმაჩნია, რომ ჩემი სახელოსნოს ზემოაღნიშნულ ხაზს − კერამიკული ფილებით სახლის ინტერიერში კედლის გაფორმებას, დიდი პოტენციალი აქვს. ყველა ოჯახს შეუძლია საკუთარ სახლში ჰქონდეს არა ბანალური, თვალს მიჩვეული უბრალო კედელი, არამედ მხატვრულად, თავისუფლად, ექსკლუზიურად, ხელით მოხატული კერამიკული ფილებით გაფორმებული კედელი. შემიძლია ეს კედელი გავაფორმო არა მხოლოდ საკუთარი დეკორატიული სტილისტიკით, არამედ ნებისმიერი ჩემი ნახატის ფილებზე კერამიკული წესისამებრ გადატანით.
შეიძლება შემკვეთის სურვილის გათვალისწინება, მხატვრული კონსულტაცია და ფილებზე მუშაობა ისეთი სტილით, რომ კედელი იყოს უნიკალური, ყველასგან გამორჩეული. მიზანი კი არის ის, რომ თქვენი სახლის კედელზე კერამიკულმა ფილებმა დაიდონ ბინა არა როგორც მოსაწყენმა სიბრტყეებმა, არამედ როგორც შემოქმედებითმა ნაწარმოებმა.